ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგებსა და კანადელებს გასული კვირის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ მკაცრი რეაქცია ჰქონდათ. კვებეკში გამართულ შეხვედრას მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერების მხრიდან არაერთი ურთიერთსაპირისპირო ბრალდება მოჰყვა სავაჭრო ტარიფების შესახებ.

სამიტის შემდეგ ბრიტანეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პირადი კრიტიკისგან თავი შეიკავა. „ჩვენ გვქონდა მძიმე საუბრები და მწვავე დებატები ზოგიერთ საკითხზე“, - აღნიშნა მან სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში. თუმცა იქვე დასძინა, რომ "ეს არ ნიშნავს ცალმხრივი ქმედებების განხორციელებას ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ". სავაჭრო საკითხებზე უთანხმოება ამერიკასა და ევროპელ პარტნიორებს შორის ბრიტანეთისთვის რთულ დროს გამწვავდა: სენატის სპეციალურმა კომისიამ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობებზე უნდა იმსჯელოს, თუმცა ამავე დროს ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვების პროცესში ევროპელი პარტნიორების განაწყენება არ შეუძლია.

ამერიკის პრეზიდენტმა სამიტის შემდეგ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა „ტვიტერზე“. მისი განცხადებების უმეტესობა ევროპელ მოკავშირეებსა და კანადას მიემართებოდა. მანამდე კი მან თქვა, რომ ამერიკა აღარ მოითმენს ე.წ. „სავაჭრო ძალადობას“.

„ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას ჩვენს მეგობრებსა თუ მტრებს, რომ ჩვენთან ვაჭრობით უპირატესობა მოიპოვონ. ჩვენ პირველ ადგილას უნდა დავაყენოთ ამერიკელი მშრომელები“ - დაწერა ტრამპმა. თუმცა გარდა ამისა, პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რეალურად ნატო-ს ხარჯებს თითქმის სრულად ამერიკა იხდის, მაშინ, როდესაც დანარჩენები შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობაში სარგებელს ნახულობენ. „რატომ უნდა განვაგრძო მე მათი მასობრივი მომარაგება, როგორც ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა? რატომ უნდა გავაკეთო ეს მაშინ, როდესაც ჩვენი მშრომელები, ფერმერები, გადასახადების გადამხდელები მაღალ და უსამართლო ტარიფებს იხდიან? ეს არ არის ამერიკელი ხალხის მიმართ სამართლიანი!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG