ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

 წამება და სექსუალური ძალადობა რუსეთის ციხეებში


კადრებში, რომელიც რუსულ მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, წამება და სექსუალური ხასიათის ძალადობა ჩანს. არსებული ინფორმაციით, კადრები სარატოვას რაიონის ციხეშია გადაღებული. უფლებადამცველები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ კადრები რუსული სპეცსამსახურების მიერ არის შექმნილი და ის ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობისთვის გამოიყენებოდა. რაც შეეხება ძალადობას და წამებას, უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს სისტემურია.

„ახლა ჩვენს ხელშია მტკიცებულებების მთელი მარაგი. რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის ციხეებში წამებას აქვს ადგილი. ეს ვიდეოები შექმნილია რუსული სპეცსამსახურების მიერ. წამება და სექსუალური ძალადობა ციხეებში როგორც ჩანს, სისტემურია. ამჟამად ინფორმაცია გვაქვს, რომ წამების ასეთი შემთხვევები ხდება სარატოვის რაიონის სასჯელაღსრულების საავადმყოფიში, კრასნოიარსკის სასჯელაღსრულების რეგიონულ საავადმყოფოში, იურკუტსკის წინასწარი დაკავების ცენტრებში, ვლადიმირის პირველ დაწესებულებაში და ა.შ. წამების ეს სისტემა წლებია არსებობდა და ის დღემდე გრძელდება. ეს რუსული ფსბ-ს კონტროლის ქვეშ ხდება,“- ამბობს gulagu.net-ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი.

წამება და სექსუალური ძალადობა რუსულ ციხეებში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

შემზარავი კადრები საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რას სპეცსამსახურების ფაილებმა გაჟონა და ის პატიმრების უფლებადამცველი ჯგუფის ხელში აღმოჩნდა. ოსეიჩკინი ამბობს, რომ კადრები მოსკოვიდან 700 კილომეტრის დაშორებით სარატოვშია გადაღებული.

სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ კრემლი იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო. ამ დროისთვის კრემლმა სახლში ციხის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გაუშვა, თუმცა არავინ დაუპატიმრებიათ. კრემლი ახლა ცდილობს ჯერ კადრების ავთენტურობა დაადგინოს, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ კადრები ნამდვილია და ის რუსეთის სხვადასხვა ციხეში წლების განმავლობაშია გადაღებული. ოსეჩკინს მიაჩნია, რომ კრემლი სათანადო გამოძიებას არ ჩაატარებს.

„მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ოპტიმისტი ვიყო. პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა გამოთქვა უკვე აზრები, რომ ვიდეოების ავთენტურობა დამტკიცებული არ არის. რეალურად მათ ეშინიათ საჯაროდ თქვან სიმართლე. სიმართლე კი ისაა, რომ სპეცსამსახურები მასობრივად აწამებენ ადამიანებს,“- აცხადებს პატიმართა უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელი.

რუსული კანონმდებლობის მიხედვით, თუ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების პასუხისმგებლობა დადგება, მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„ეს არის სასტიკი ძალადობის ამსახველი კადრები. რუსულ ციხეებში მიმდინარე წამების შესახებ ჩვენ უფლებადამცველების მიერ გავრცელებული კადრებიდან შევიტყვეთ,“- აცხადებს ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვანი ტიხონ ძადკო.

gulagu.net-ის დამფუძნებელი ყვება, რომ ფაილები შოკისმომგვრელია და როდესაც პირველად მიიღეს დოკუმენტები შოკში ჩავარდნენ. ოსიჩკინი ამბობს, რომ ფაქტები გადაამოწმეს და ეს სინამდვილეს შეესაბამება. მისი თქმით სარატოვის ციხის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს ჰქონდა მიმდინარე წამებაზე ინფორმაცია, თუმცა ისინი ამას მალავდნენ.

კადრებს, რომელიც სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურების სერვერებიდან გავრცელდა, რუსეთში გამოეხმაურა გაეროს კომიტეტი წამების წინააღმდეგ. მისი წევრები ამბობენ, რომ ინფორმაცია ასეთი ფაქტების შესახებ მუდმივად ჰქონდათ, თუმცა არა მტკიცებულებები.

„ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა. კომიტეტი უკვე 20 წელია მუშაობს რუსეთში და ასეთი ინფორმაციები არაერთხელ შემოსულა. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, თუ რამდენად მალე იქნება გამოძიებული ეს საქმე და დაისჯებიან თუ არა წამებაში მონაწილე პირები. ვიმედოვნებთ რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე,“- ამბობს ორგანიზაციის -კომიტეტი წამების წინააღმდეგ- კრასნოდარის რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი რომანოვი.

ათობით ვიდეო და ფოტო ფაილი რამდენიმე დღის წინ gulagu.net-მა კონფიდენციალური წყაროსგან მიიღო. კადრები, რუსულ ციხეებში წამებას და სექსუალურ ძალადობას ასახავს. მიიღებს თუ არა კრემლი საჭირო ზომებს, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება, თუმცა მანამდე პუტინის კაბინეტი კადრების ავთენტურობაზე საუბრობს და მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG