ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმა გააპროტესტეს


რამდენიმე ათასმა ადამიანმა კვირას მოსკოვში და რუსეთის ათამდე სხვადასხვა ქალაქში, საპენსიო რეფორმა გააპროტესტა. აქციები გაიმართა სანკტ პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ასევე ციმბირში - ნოვოსიბირსკში და უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილშიც - საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში. აქციებზე დაკავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. დემონსტრაციები სანქცირებული იყო.

ათასობით მოქალაქე ქუჩებში მთავრობის იმ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო პენსიის მიღების ასაკი გაიზრდება. გეგმა, რომელიც თავდაპირველად ივნისში გასაჯაროვდა, გულისხმობს, რომ ქალთა საპენსიო ასაკი 55-დან 63 წლამდე გაიზრდება, მამაკაცთა კი - 60-დან 65-მდე.

ფართო კრიტიკის შემდეგ, პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ქალთა საპენსიო ასაკი არა 63 წლამდე, არამედ 60-მდე გაიზრდება. მამაკაცთა ასაკი კი მაინც 65 წლამდე გაიზარდა, თუმცა ცვლილებები 5 წლის განმავლობაში დაინერგება.

საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და პოლიტიკური მიმართულების ადამიანთა მობილიზება. ახალგაზრდები წუხან, რომ ხანდაზმული ადამიანების სამუშაო ადგილზე დარჩენა, მათ შესაძლებლობებს წაართმევს, ან შეამცირებს. ხანდაზმულები კი შიშობენ, რომ შესაძლოა, პენსიით დიდხანს სარგებლობა ვერც კი მოახერხონ.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მონაცემებით, რუსეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცისთვის 66 წელია, ქალებისთვის კი - 77 წელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG