ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა "პრეზიდენტის დღეს" აღნიშნავს


ყოველი წლის თებერვალში, თვის მესამე ორშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში „პრეზიდენტის დღეს“ აღნიშნავენ. დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, ამერიკა მის პირველ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს 22 თებერვალს, მის დაბადების დღეზე მიაგებდა პატივს. თუმცა ეს დღე ეროვნული დღესასწაული მოგვიანებით გახდა

1968 წელს, ამერიკის კონგრესმა მიიღო აქტი, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი სახალხო დღესასწაული აუცილებლად ორშაბათს უნდა აღინიშნებოდეს. ამის შემდეგ პრეზიდენტის დღეც თებერვლის მესამე კვირაში, ორშაბათობით აღინიშნება და არა უშუალოდ 22 თებერვალს.

ოფიციალურად ეს დღე სწორედ, რომ „ვაშინგტონის დაბადების დღეა“, თუმცა ხალხი მას ხშირად უბრალოდ „პრეზიდენტის დღეს“ უწოდებს. ზოგს კი ურჩევნია ეს თარიღი ამერიკის სხვა პრეზიდენტს - აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეს - 12 თებერვალს დაუკავშიროს.

შესაბამისად, ამერიკაში მცხოვრებლებისთვის თებერვლის მესამე კვირაში ე.წ. „გრძელი უიკენდია“ - ანუ შაბათ-კვირას და ორშაბათს, სკოლები და სხვა საჯარო დაწესებულებები არ მუშაობს, მაღაზიებში კი ამ დღისთვის სპეციალური ფასდაკლებები გვხვდება.

ამერიკის პრეზიდენტები - ფაქტები და დასამახსოვრებელი თარიღები

2017 წელს დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ფიცის დადებისას ტრამპი 70 წლის იყო და შესაბამისად ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდა. მანამდე, ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო. 1981 წელს, როდესაც ეს პოსტი დაიკავა, რეიგანი 69 წლის იყო.

ტრამპი ასევე არის ამერიკის ისტორიაში პირველი მილიარდერი პრეზიდენტი. მანამდე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვისაც ოვალური კაბინეტი ეკავა, ჯონ ფიცჯერალდ კენედი იყო, ამერიკის 35-ე პრეზიდენტი.

ამავე დროს კენედი კვლავ არის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. ის თანამდებობის დაკავებისას 43 წლის იყო. კენედი ასევე იყო ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას დაიღუპა. 1963 წელს ის ტეხასის შტატში, 46 წლის ასაკში მოკლეს.

1901 წელს კი ასევე პრეზიდენტის - უილიამ მაკკინლის მკვლელობის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ადამიანმა კაბინეტში - ვიცე-პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა დაიკავა პოსტი 42 წლის ასაკში.

თუმცა პირველი, ვინც ამერიკის პრეზიდენტობისას გარდაიცვალა უილიამ ჰენრი ჰარისონი იყო. ქვეყნის მეცხრე პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა სულ 32 დღის განმავლობაში ეკავა - ის ამ მხრივაც პირველი იყო, ის ყველაზე ცოტა ხნის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი.

ფრანკლინ დელანო რუზველტს კი ამის საპირისპიროდ, ყველაზე ხანგრძლივად ეკავა პოსტი - ის პრეზიდენტის მოვალეობას 4 422 დღის განმავლობაში ასრულებდა. სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ ამოქმედდა კონსტიტუციის 22-ე შესწორება, რომლის თანახმადაც კანდიდატს მხოლოდ ორჯერ აქვს უფლება ოთხწლიანი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის თანამდებობისთვის.

ნათესაური კავშირი არსებობდა ორ პრეზიდენტ რუზველტს შორის. ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლები კიდევ რამდენჯერმე გახდნენ ამერიკის პრეზიდენტები. მაგალითად ადამსები: ჯონ ადამსი ამერიკის მეორე პრეზიდენტი იყო, მისი ვაჟი ჯონ ქუინსი ადამსი კი ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად აირჩიეს. რაც შეეხება მამა-შვილ ბუშებს, ისინი ამერიკის რიგით 41-ე და 43-ე პრეზიდენტები იყვნენ.

ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, პირი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, სულ მცირე 35 წლის უნდა იყოს, ცხოვრობდეს შეერთებულ შტატებში სულ მცირე 14 წლის განმავლობაში და იყოს "დაბადებით-მოქალაქე" ანუ შეერთებულ შტატებში დაბადებული. თუმცა ამ ტერმინს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს. რადგან პირველი ასეთი პრეზიდენტი არა ვაშინგტონი ან ადამსი, არამედ მარტინ ბარენი იყო, ქვეყნის მე-8 პრეზიდენტი. ის 1782 წელს დაიბადა, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ. ბარენამდე შვიდივე პრეზიდენტი, ისევე როგორც ქვეყნის მე-9 პრეზიდენტი - უილიამ ჰარისონი "დაბადებით-მოქალაქეები" არ ყოფილან. რადგან ისინი ჯერ კიდევ 1776 წლამდე დაიბადნენ - მაშინ ამერიკის შტატები ჯერ ისევ ბრიტანული კოლონიის ნაწილი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG