ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერეზა მეი ვაშინგტონის შემდეგ ანკარას ეწვევა


ტერეზა მეი
ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონიდან ანკარაში გაემგზავრება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. მეი ერდოღანთან კვიპროსის გაერთიანების, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ევროკავშირიდან გასვლის პარალელურად, ბრიტანეთი თურქეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება.

პრემიერი მეი თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმსაც ინახულებს. ბრიტანეთის პრემიერის ოფისმა ვიზიტის შესახებ გავრცელებულ პრეს-რელიზში თურქეთს „შეუცვლელი პარტნიორი და ახლო მოკავშირე“ უწოდა.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის პროფესორი სოლი ოზელი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს ბევრი სასაუბრო ექნებათ: „ბრიტანეთსა და თურქეთს დიდი სავაჭრო კავშირები აქვთ. ისინი უსაფრთხოების საკითხებშიც მჭიდროდ თანამშრომლობენ. მეი და ერდოღანი კვიპროსის შესახებაც ისაუბრებენ.“

ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, კვიპროსი განხილვის მთავარი თემა იქნება. კვიპროსის საკითხზე გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია. ერდოღანს შეუძლია, პრობლემის გადაწვეტაში დიდი როლი ითამაშოს, მაგრამ მიმომხილველთა ვარაუდით, პრეზიდენტი დათმობებზე არ წავა. აპრილში თურქეთში პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გაზრდის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ერდოღანს კი ნაციონალისტურად განწყობილი მხარდამჭერების ხმები სჭირდება.

საკითხის დელიკატურობის მიუხედავად, კარნეგის ცენტრის მკვლევარი სინან ულგენი ვარაუდობს, რომ მეის ანკარაში თბილად შეხვდებიან: „ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ბრიტანეთი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. ბრიტანეთი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა. ანკარაში ლონდონისადმი განწყობა დადებითია.“

უსაფრთხოების საკითხებში, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ულგენის თქმით, ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთი და თურქეთი, შესაძლოა, უფრო მეტად დაახლოვდნენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვენ, რომ თურქ კოლეგასთან შეხვედრისას ადამიანის უფლებების საკითხი დააყენოს. ბრიტანეთის მთავრობის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი მეი „მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს.“ მიმომხილველთა აზრით, სხვა ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, ლკნდონი თურქეთში ადამიანის უფლებების შელახვაზე ბევრს არ ლაპარაკობს, რაც ანკარისათვის ფრიად ხელსაყრელია.

XS
SM
MD
LG