ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შშმ პირების უფლებების დღე საქართველოში


საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" რატიფიცირება.

დღეს, მსოფლიო შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში მათ ყოველდღიურად უამრავი სირთულის დაძლევა უწევთ. საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ამ დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო კისრულობს შშმ პირების უფლებების დაცვას არა მხოლოდ მათი კანონმდებლობაში დეკლარირებით, არამედ რეალურად, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს არსებულ სტერეოტიპებს, სტიგმებს, დაგეგმოს და განახორციელოს ყველა ნაბიჯი შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით.

გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით სახელმწიფოს წინაშე დგას, ორ დიდ კატეგორიად შეიძლება დაჯგუფდეს: ესაა ფინანსური შესაძლებლობების სიმცირე, რაც ხელისშემშლელი, თუმცა არა გამამართლებელი ფაქტორია გარემოს ადაპტირებისთვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვისთვის. ცალკე აღნიშვნას და ხაზგასმას იმსახურებს მენტალურ დონეზე არსებული გამოწვევები, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა თვალშისაცემი.


შშმ პირების უფლებების დაცვის დღე სახელმწიფოს მხრიდან, როგორც წესი საჩუქრების კეთების აქციით შემოიფარგლება ხოლმე. მაგალითად, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ერთ-ერთ სკოლას შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტი გადასცა. „საზრუნავი არის სკოლის შიგნით: ადაპტაცია-ინფრასტრუქტურა. ადაპტირებული მასალები, საგანმანათლებლო რესურსები, პედაგოგები -ეს სერვისები სკოლებში დღეისთვის დანერგილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ პრობლემად რჩებოდა ფიზიკურად გადაადგილება და მოსვლა სკოლამდე, რაშიც მერიამ გამოხატა მხარდაჭერა და ეტაპობრივად გვამარაგებს იმ ტრანსპორტით, რასაც სკოლა გამოიყენებს,“- განაცხადა განათლების მინისტრმა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კი შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა: „დღესაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე და საქართველოში, ტრადიციულად, აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენ სიმულაციის ცენტრში იმართება შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. ნახეთ, რა კარგი ნამუშევრები აქვთ. ასევე, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებლობები, რასაც სახელმწიფო სთავაზობს შშმ პირებს ყოველწლიურად ფართოვდება. დღეისთვის რამდენიმე ასეული ბავშვი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით დღის ცენტრებში, ადრეული განვითარების სერვისებით, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით, მე ვფიქრობ ეს პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდება მომავალი წლისთვის“.

ამერიკის ხმა თინა ბრეგვაძეს ესაუბრა, ქალბატონს, რომელიც ფიზიკური შეზღუდვის მიუხედავად, ორ ათეულ წელზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია ათას ორასზე მეტ შშმ პირს აერთიანებს, მათგან 250 ბავშვია. ორგანიზაციას დღის ცენტრებიც აქვს და შიდა ქართლში დევნილების ჩასახლებებშიც მუშაობს. „ფსიქოლოგიური წინაღობების დაძლევაც ასევე მნიშვნელოვანია. მშობლებს თითქმის რცხვენიათ შშმ ბავშვების. ერთი მშობელი მეუბნება: რომ მოვიყვანო ჩემი შვილი, რა უნდა გააკეთოს მანდ? ვიცი, რომ არაფრის უნარი არ აქვსო. შემდგომ, როდესაც მოჰყავთ ჩვენთან, დღის ცენტრებში, ხვდებიან, რომ ეს აუცილებელია და შედეგიც მოაქვს, მაგრამ ამ გამოყვანას მუშაობა სჭირდება. თავიდან, შშმ ბავშვები და მათი მშობლების სახლებიდან გამოვიყვანას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა:უნდა დაარწმუნო, რომ საჭიროა ურთიერთობა საზოგადოებასთან, რომ ბავშვებისთვის ინკლუზია აუცილებელია,“- ამბობს თინა ბრეგვაძე.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია – UNCRPD და მისი დამატებითი ოქმი 2006 წლის 13 დეკემბერს მიიღეს და ხელმოსაწერად 2007 წელს გაიხსნა. კონვენციას82-მა სახელმწიფომ მყისიერად მოაწერა ხელი. საქართველო მათ რიცხვს 2009 წლის 20 მაისს, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ მიუერთდა, თუმცა მისი რატიფიკაცია მხოლოდ 2013 წლის ბოლოს მოხდა.

XS
SM
MD
LG