ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსების 48% ნავალნის ვერდიქტს სამართლიანად მიიჩნევს


კოლონიასთან, სადაც რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორისაა პროფესიული გაერთიანება „ექიმთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, ანასტასია ვასილევა, იუთუბ არხის „ნავალნის შტაბის“ წამყვანი დმიტრი ნიზოვცევი და რამდენიმე ჟურნალისტი - სულ რვა ადამიანი.

ნავალნის მხარდამჭერები და მედიკოსები, კოლონიასთან შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ, ოპოზიციის ლიდერს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ. 15 კაციან განყოფილებაში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის, სამი ტუბერკულოზით არის ჰოსპოტალიზებული. ამის შესახებ გუშინ ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერმა უფლებადამცველების საშუალებით გაავრცელა. თავად ნავალნის მაღალი სიცხე და ძლიერი ხველა აწუხებს.

"იზვესტიას" ცნობით, ნავალნი სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოცემა ინფორმაციას სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინვე, ავტორიტეტულმა რუსულმა ანალიტიკურმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხულ რუსთა 48%-ს, ნავალნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სამართლიანად მიაჩნია.

ამასთან ირკვევა, რომ 18-24 წლის რესპოდენტთა მხოლოდ 35% თვლის, რომ ვერდიქტი სამართლიანია. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 50% ამბობს, რომ განაჩენი უსამართლოა. ნავალნის საქმეზე, სასამართლოს სამართლიანობაში დარწმუნებულია 55 წელს ზემოთ გამოკითხულთა 60%. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 19%-ს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა.

მათ შორის, ვინც გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლის 61%-ს სურს ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს. იმ გამოკითხულთა 30%-თვის, ვისაც სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანად მიაჩნია, სულერთია გაათავისუფლებენ თუ არა ნავალნის. 8% კი პოლიტიკოსის გათავისუფლების წინააღმდეგია.

ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო ოთხი კვირის განავლობაში განვითარებულ მოვლენებს შორის, გამოკითხულთა 6%-ს, სწორედ ნავალნისთან დაკავშირებული მოვლენები დაამახსოვრდა. ამ სიის სათავეში, 17%-ით კორონავირუსია - ვაქცინაცია, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლები, მესამე ტალღა და ა.შ. ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენათა შორის, გამოკითხულთა 6% ვლადიმირ პუტინის შესახებ, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებს. რუსების 2%-ს დროის ამ მონაკვეთში, ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება და სანქციების საკითხი მიაჩია.

სანქციების კუთხით, აშშ-ის პრეზიდენტმა პირველი ნაბიჯი მარტის დასაწყისში გადაგა. ბაიდენის ადმინისტრაციამ რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. რუს მოხელეებითან ერთად, სანქციების სამიზნე რამდენიმე რუსული კომპანიაცაა. ვაშინგტონთან ერთად, რუსეთს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში, რუსეთში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს. ის მალევე გერმანიაში გადააფრინეს, სადაც ნავალნიმ ხუთთვიანი მკურნალობის კურსი გაიარა და 17 იანვარს მოსკოვში დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე, თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი, რეალური პატიმრობით შეუცვალა და საერთო რეჟიმის კოლონიაში 2,5 წლით გაგზავნა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG