ტეხასის გუბერნატორმა რიკ პერიმ წინასაარჩევნო კამპანია ნიუ ჰამფშირის შტატში დაიწყო, სადაც ტრადიციულად, პრაიმერი იწყება. როგორც სხვა დროს, პერიმ ამჟამადაც მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამას ეკონომიკური გეგმა.
„ბატონო პრეზიდენტო, სიტყვებზე შთამბეჭდავი მოქმედებებია. ჩემმა საქმიანობამ გუბერნატორის ამპლუაში ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შექმნა. პრეზიდენტის მოქმედებები კი პირიქით, სამუშაო ადგილებს ამცირებს.“
ნიუ ჰამფშირში სიტყვით გამოსვლისას პერიმ ისიც აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს მოსაზრებას გლობალური დათბობის შესახებ და არ ეთანხმება იმ გარიგებას, რომელსაც პრეზიდენტმა და კონგრესმა ამერიკის ეროვნული ვალის ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით მიაღწიეს.
რამდენიმე დღით ადრე, პერიმ ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ბენ ბერნანკეზე გააკეთა კომენტარი:
„მას ჩვენთან - ტეხასში - ცუდად მოექცეოდნენ იმის გამო, რომ ამერიკის ისტორიაში ასეთ დროს მან გამოსავალი ის ნახა, რომ მეტი კუპიურები დაბეჭდოს. ეს ღალატის ტოლფასია.“
მოგეხსენებათ, ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა ასობით მილიარდი დოლარი დახარჯა ეკონომიკის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. პერიმ აღნიშნული კომენრატის დაცვა არ სცადა და აუდიტორიას ხუმრობით უთხრა, რომ აიოვას შტატში ბერნანკეს გაკრიტიკებამ ის ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.
პერის ამ განცხადებამ არა მხოლოდ დემოკრატების არამედ ცნობილი რესპუბლიკელების გაღიზიანებაც კი გამოიწვია. მაგალითად, კარლ როვის თმით, რომელიც პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის პოლიტიკური მრჩეველი იყო, პერის საპრეზიდენტო ხასიათი არ აქვს.
თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, პერის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამ ისეთი წამყვანი კანდიდატები დაჩრდილა, როგორებიც მასჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტას შტატიდან მიშელ ბაქმანი არიან.
სი ენ ენისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტობის კანდიდატებს შეახსენა, რომ კამპანიის წარმოებისას მათ თითოუელი განცხადება ფრთხილად უნდა შეარჩიონ. ობამამ პერის მიერ ცენტრალური ბაკის მმართველზე გაკეთებული კომენტარის გაკრიტიკებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ამჯერად თავს შეიკავებს კრიტიკისგან რადგანაც პერიმ წინასაარცევნო კამპანია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
დემოკრატები ცდილობენ პერის კანდიდატურა ჩაის სმის მოძრაობას დაუკავშირონ. ობამას ყოფილი წარმომადგენელი რობერტ გიბსი ტელეკომპანია ენ ბი სის ესაუბრა. მისი თქმით:
„რესპუბლიკელებმა არჩევანი უნდა გააკეთონ და გადაწყვიტონ ვის ეფიცებიან ერთგულებას - ჩაის სმის მოძრაობას თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს.“
მიმომხილველების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პერის გულახდილი საუბარი მას კონსერვატიული შეხედულების მქონე ამომრჩევლის მოზიდვაში დაეხმარება. რესპუბლიკელი ამომრჩევლები ისთი კანდიდატის შერჩევას შეეცდებიან, რომელიც პრეზიდენტი ობამას დამარცხებას შეძლებს.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების შერჩევა მომავალი წლის დასაწყისში პრაიმერს დროს მოხდება, რომელიც აიოვასა და ნიუ ჰამფშირის შტატში დაიწყება.