ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის პოლიციის ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით განხორციელებული თავდასხმების სერიაში ეჭვმიტანილმა პირმა დღეს თავი საკუთარ მანქანაში აიფეთქა. მას პოლიციის ოფიცერები უახლოვდებოდნენ, როცა მანქანა აფეთქდა.
ოსტინის პოლიციის უფროსმა ბრაიან მენლიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართალდამცავები დარწმუნებული იყვნენ, რომ სამშაბათს ეჭვმიტანილი - 24 წლის მამაკაცი - ამოიცნეს, ოთხშაბათ დილას კი მისი მანქანა ოსტინის გარეუბანში ერთ-ერთ სასტუმროსთან გაჩერებული იპოვეს. პოლიციის მიახლოების შემდეგ ეჭვმიტანილმა მანქანით თავის დაღწევა სცადა, რამდენიმე წუთში კი მანქანაში თავი აიფეთქა.
მენლის ინფორმაციით, გამოძიებაში მონაწილე ყველა ადგილობრივ და ფედერალურ სააგენტოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო პასუხისმგებელი ოსტინის ტერიტორიაზე 2 მარტის შემდეგ მომხდარ ხუთ აფეთქებაზე. ამ თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
სულ ცოტა, სამ შემთხვევაში ეჭვმიტანილმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ამანათის ყუთში მოათავსა და მსხვერპლის სახლთან დადო. მოწყობილობა ამანათის გახსნის ან გამოძრავების შემდეგ ფეთქდებოდა.
Facebook Forum