ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის შტატი უზენაეს სასამართლოს არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს


8 დეკემბერს, ტეხასის შტატმა, საყოველთაო არჩევნების შედეგების შეცვლაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ტეხასის რესპუბლიკელი გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიის და უისკონსინის შტატებმა, საარჩევნო პროცედურები უკანონოდ შეცვალეს.

ეს ყველაზე მასშტაბური მცდელობაა, არჩეული პრეზიდენტის დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარების წინააღმდეგ, სასამართლოებში შეტანილ 30-ზე მეტ საჩივარს შორის. ტეხასის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიის და უისკონსინის შტატებში, ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები გაყალბებისგან სათანადოდ ვერ დაიცვეს, თუმცა ოთხივე შტატის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ მათ მსგავსი მასშტაბური გაყალბების მტკიცებულება, რომელიც არჩევნების შედეგებს შეცვლის, ვერ აღმოაჩინეს.

ტეხასი უზენაეს სასამართლოს სთხოვს დაბლოკოს ამ ოთხი შტატის შედეგები, ჯამში - საარჩევნო კოლეგიის 62 წევრის (ელექტორის) ხმა. გამარჯვებისთვის ამერიკის პრეზიდენტს 270 ელექტორის ხმა სჭირდება. ბაიდენმა 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებზე კოლეგიის წევრთა 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი - 232. განსხვავება იმდენივეა, რამდენითაც ტრამპმა 2016 წლის არჩევნებზე ჰილარი კლინტონს მოუგო.

ტეხასი ასევე ითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ, საარჩევნო კოლეგიის მიერ კენჭისყრის შედეგების ფორმალური დამტკიცების თარიღი გადაავადოს. საუბარია 14 დეკემბრის ვადის გადაწევაზე, როცა ელექტორების მიერ არჩევნების შედეგების საბოლოოდ სერტიფიცირება ხდება.

შეერთებული შტატების კანონმდებლობა ითხოვს, რომ არჩევნების შედეგები 50-ივე შტატმა ინდივიდუალურად დაამტკიცოს მომავალ ორშაბათს დანიშნულ ფორმალურ კენჭისყრამდე 6 დღით ადრე. შედეგები უისკონსინის გარდა, რესპუბლიკური თუ დემოკრატი მმართველობის ქვეშ მყოფმა ყველა შტატმა უკვე დაამტკიცა.

14 დეკემბერს ელექტორების ფორმალური კენჭისყრა გაიმართება, რომლის დროსაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოო სერტიფიცირება მოხდება.

8 დეკემბერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა მიანიშნეს, რომ ბრძოლა არჩევნების შედეგების შეცვლისთვის, იანვარშიც შეიძლება გაგრძელდეს და რომ ეს უპრეცედენტო რამ არ არის

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელი რუდი ჯულიანი (ნიუ-იორკის ყოფილი მერი) ახლა კოვიდ-19-ის დიაგნოზითაა ჰოსპიტალიზებული. ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან ადვოკატს ჯენა ელისსაც ახალი კორონავირუსი აქვს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG