ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დაკარგული ქოლგა" ხატია ესართიას შემოქმედებაში


ხატია ესართია
ხატია ესართია

ცნობილი ინტერნეტ-გვერდის "Artnet.com"-ის ივნისის თვის გამოცემაში ნიუ-იორკის 12 კულტურულ მოვლენას შორის, რომელსაც აუცილებლად უნდა დასწრებოდით, რედაქტორებმა ქართველი მხატვრის, ხატია ესართიას გამოფენაც დაასახელეს. ეს ხატიასთვის პირველი სოლო-გამოფენაა და მისი სახელი ფრიდრიხ ნიცშეს "მე დამავიწყდა ჩემი ქოლგა" ჩანაწერების გარკვეული ინტერპრეტაციაა. გამოფენა მარისა ნიუმენის გალერეაში, 28 ივნისს გაიხსნა და 3 აგვისტომდე გაგრძელდება. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

მკვეთრ, ხასხასა, ნათელ, აკვარელის ფერებში ხატია დავიწყებულ ქოლგაზე ყვება. შთაგონება გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს გამოუქვეყნებელი ჩანაწერიდან "მე დამავიწყდა ჩემი ქოლგა" და მისი ნააზრევის შესახებ სხვადასხვა დროის ფილოსოფოსების ინტერპრეტაციებიდან მიიღო.

ხატია ესართია: ფილოსოფოსებს აინტერესებდათ, რატომ დაწერა ასეთი იუმორისტული რამ ნიცშემ და ყველას თავისებური ახსნა და ინტერპრეტაცია ჰქონდა. ყველა მათგანზე შეიძლებოდა დავა. მე ყველაზე მეტად მომეწონა და დავეთანხმე ფილოსოფოსს ჟაკს დერიდას, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველას თავისებურად შეუძლია გაიგოს.

ეს ხატია ესართიას პირველი სოლო-შოუა, სადაც წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი ფრიდრიხ ნიცშეს ამ ჩანაწერის ინტერპრეტაციებადაც შეიძლება განიხილოთ. აქ, ამ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ნახატებში ყველგან რაღაც კონკრეტული ხდება. მაგალითად 10 ფუტის სიგრძის კედლის ქაღალდზე, იგივე შპალერზე, შექმნილი სურეალისტური სიტუაცია. მთავარი გმირი ბავშვია, რომელიც მისთვის უჩვეულო ორთაბრძოლიდან თავის დაღწევას გაფრენით ცდილობს. ცოტა იუმორისტულია მისი კავშირი ჩიტის მსგავს ქმნილებასთან, რომელიც თითქოს მას გაფრენის საშუალებას აძლევს. ამ შემთხვევაში დაკარგული ქოლგა მეტაფორულად უსაფრთხოების და თავშესაფრის სიმბოლოა.

თავის ქოლგები ხატიამაც ბავშობაში დაკარგა. გაგრაში, სადაც ბებია-ბაბუასთან დასასვენებლად ჩადიოდა. მოსკოვში დაიბადა, თუმცა ამის გახსენება იმდენად არ სიამოვნებს, რომ ეს ფაქტი მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაციები არტისტის წარმოსაჩენად ქმნიან , საერთოდ ამოაშლევინა.

ხატია ესართია: ბავშობაში, გაგრაში რომ ვისვენებდით ხშირად წვიმდა და "ზონტიკები" გვეჭირა ბავშვებს - ასე ვეძახდით მაშინ. პატარა გოგოებს სხვადასხვა ფერის პატარა ქოლგები გვქონდა. ალბათ ამ გამოფენის იდეაც ასეთია - პატარა კავშირი ჩემს წარსულთან და ბავშვობასთან. თუმცა ზოგადად, აფხაზეთი და გაგრა ჩემთვის უფრო ფერებთან ასოცირდება.

გალერეის მფლობელი მარისა ნიუმენი თავიდან აპირებდა, რომ საზაფხულო შოუში ხატიასთან ერთად კიდევ ერთ მხატვარს მიეღო მონაწილეობა. თუმცა, შემდეგ, როდესაც ხატია ესართიას შემოქმედებას კარგად გაეცნო, გადაწყვიტა რომ ეს მისი სოლო შოუ ყოფილიყო.

მარისა ნიუმენი: ხატია ჩემმა ყოფილმა ბიზნეს-პარტნიორმა ირინა პოპიაშვილმა გამაცნო და ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ. ვაპირებდი, რომ ზაფხულის ამ შოუში ორი არტისტის შემოქმედება მეჩვენებინა. პროექტის პირობა იყო, რომ მხატვარს ახალი და საუკეთესო ნამუშევრები წარმოედგინა. შოუს გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე ვნახე ხატიას ნახატები ფოტოებით, რადგან თბილისის არტ -ფესტივალში მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც მის ნამუშევრებს გავეცანი გადავწყვიტე, რომ მას საკუთარი, სოლო შოუ ჰქონოდა.

ხატია ესართია 25 წელია შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. პროფესიული განათლება ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო. ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, ატლანტაში, ჩიკაგოში. ამბობს, რომ მისთვის მისი შემოქმედება არის ის ენა, რითაც თავის სათქმელს ამბობს.

ხატია ესართია: მიუხედავად იმის, რომ შეიძლება ოჯახიც შენთან იყოს, როდესაც დიდ ქალაქში ცხოვრობ ხშირად იგრძნობ თავს მარტო. ყველას თავის დემონები ჰყავს. აი ამ ნახატში ცენტრში აბაზანის ნიჟარაში გასაბერ ბუშტთან ერთად ანუ წარმოსახვით მეგობართან ერთად ქალი ჩაის მიირთმევს და ცდილობს ამ ბუშტს თავისი აზრები გაუზიაროს. ძალიან სურეალისტურია, გარშემო ნიანგია და უამრავი არეულობა, მაგრამ ძალიან მშვიდად სხედან შუა შტორმის დროს, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ანუ არ მისცე საშუალება, რომ თავს დაგესხან და შენი სიმშვიდე დაარღვიონ.

თავად ამას ვერ ახერხებს. ამბობს რომ მასზე, როგორც აფხაზეთიდან დევნილზე, ძალიან მოქმედებს ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა, მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები. შემოქმედისთვის ეს ძალიან საინტერესო ეპოქაა, სადაც ეძებენ ქოლგებს, რომლებიც დაკარგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG