ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი თარგამაძე: ვაშინგტონში კოლეგების მოწვევით რუსული საფრთხე განვიხილე


გიორგი თარგამაძე

ვაშინგტონში, ამერიკელი პარტნიორების მოწვევით საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე იმყოფებოდა. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თარგამაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ამერიკულ ანალიტიკურ სამსახურს აინტერესებდა მასთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასახვას ნახულობს რუსული ე.წ. რბილი ძალა და საინფორმაციო ომი საქართველოსა და უკრაინაში. ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ის ფონდში დღეს მუშაობს, როგორც ყოფილმა პოლიტიკოსმა დაგვიდასტურა. თუმცა მისი თქმით, ვაშინგტონში შეხვედრები ჰქონდა პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და მათ აზრს მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისათვის.

კითხვაზე, თუ როგორ აღიქმება საქართველოში არსებული რეალობა ვაშინგტონიდან, მითუმეტეს ყველა ამ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ ამერიკული კვლევითი წრეებისთვის, საბედნიეროდ, საქართველო კვლავაც მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. "მიუხედავად შიდა პრობლემებისა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან მიმართებით და ასევე მოსახლეობის განწყობების ცვალებადობისა სხვადასხვა საკითხში, საქართველო რჩება იმ ქვეყნად, სადაც პრო-დასავლური არჩევანი ურყევია,"-აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველო, ამერიკელი პარტნიორების აზრით, საბოლოოდ მართლაც შეიძლება იქცეს დემოკრატიულ, ევროპულ, წარმატებულ ქვეყნად, და დემოკრატიული სამყაროს დასაყრდენ ძალად რეგიონში როგორც ადამიანის უფლებების, თავისუფლების, ეკონომიკური ზრდის, ისე ზოგადად, მშვიდობიანი თანაცხოვრების მხრივ.

რაც შეეხება საქართველოში რუსული გავლენების თემას, გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ “რუსეთის შიდა მოქმედებებში, გარდა მკვეთრად გამოხატული აგრესიული პოლიტიკისა საქართველოს მიმართ, არის ცვლილებებიც. სამხედრო ძალა არ არის ერთადერთი რესურსი და ისინი ბევრს სწავლობენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან და დასავლეთისგან. შესაბამისად, ე.წ. რბილი ძალა სრულად არის მოქმედებაში მოყვანილი იქ, სადაც მათ ამის რესურსი გააჩნიათ.”

აღნიშნულ რესურთან დაკავშირებით, გიორგი თარგამაძის თქმით, “საქართველო ძალიან მოწყვლადი ქვეყანაა, მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ იცის რუსული ენა, და მათთვის რუსული საინფორმაციო არხები ხელმისაწვდომი და გასაგებია, თავი რომ დავანებოთ ეთნიკურ უმცირესობებს, რომელთა რაოდენობა საქართველოში მთლიანობაში 16 პროცენტს შეადგენს. ამასთან, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა. შესაბამისად, რუსული არხების აგრესიული საინფორმაციო კამპანია ამ ადამიანების მოსაზიდად ქმნის სერიოზულ პრობლემას. 2008 წლის შემდეგ საქართველოში მოხდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა. ამ კონცეფციის ერთერთი მუხლი გვეუბნება რომ საფრთხეებს შორის ერთერთი დიდი გამოწვევაა ეთნიკური უმცირესობების ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციის დაბალი დონე,” და მაგალითად მოჰყავს გამოკითხვებში დაფიქსირებული რეალობა, რაც მისი თქმით მიანიშნებს შემდეგს: დღეს, 5 თვის განმავლობაში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროპული არჩევანის მიმართ, გაორმაგდა.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, პარტნიორებს კითხვები, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დემოკრატია რეგრესს განიცდის, აღარ აქვთ, თუმცა აინტერესებთ თუ რა დამატებითი გზავნილი ან როგორი განცხადება უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათი შეშფოთება თბილისში სრული სერიოზულობით აღიქვან.

XS
SM
MD
LG