ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერიში ჰელმანდზე - თალიბანმა შეიარაღებული თავდასხმები განაახლა


სამშაბათს, ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, ქვეყნის უსაფრთხოების ძალები თალიბანის თავდასხმას იგერიებს. თალიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების მიერ ჯარის გაყვანის საბოლოო ვადის გადაცილების შემდეგ, მთელ ქვეყანაში შეიარაღებული თავდასხმები დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა თალიბანთან შეთანხმებულ ჯარის გაყვანის საბოლოო ვადას, 1 მაისს გადააცილა, ძალების გაყვანა უკვე დაიწყო და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის, ავღანეთს შეერთებული შტატების კონტიგენტი სრულად დატოვებს. ამ ნაბიჯის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ, თალიბანის შეიარაღებული დაჯგუფება ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ეცდება.

ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ორშაბათს, თალიბანმა შეტევა პროვინციის ბევრ ნაწილზე მიიტანა. თავს დაესხა ქალაქ ლაშკარ ღას გარეუბანში განლაგებულ საკონტროლო პუნქტებს და ზოგიერთი მათგანი დაიკავა კიდეც.

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა თალიბანს, საჰაერო დარტყმებით უპასუხა და ქვეყნის ამ ნაწილში ელიტური კომანდო დანაყოფები განალაგა. მეამბოხეებს უკან დაახევინეს, მაგრამ ბრძოლები სამშაბათსაც გრძელდებოდა.

ამერიკის ჯარმა ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული ბაზა, ავღანეთის ძალებს ორი დღის წინ გადასცა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჰელმანდის პროვინციის გარდა, უსაფრთხოების ძალები თალიბანის შეტევებს კიდევ ექვს პროვინციაში იგერიებდა.

XS
SM
MD
LG