ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ტელესერიალებში ქალი მსახიობების გამოჩენას კრძალავს


თალიბანმა ქვეყანაში იმ სერიალების ჩვენება აკრძალა, სადაც ქალი მსახიობები თამაშობენ, ქალ ჟურნალისტებს კი ამიერიდან ჰიჯაბის ტარება მოეთხოვებათ. თალიბანის მიერ კვირას გამოცხადებული გადაწყვეტილება და მსგავსი წესები ისლამური შარიათის კანონების მკაცრ ინტერპრეტაციას ეფუძნება.

ეს შეზღუდვები ახალი, 8-პუნქტიანი რეგულაციების ნაწილია, რომელიც თალიბანის სახელმწიფო უწყებამ, იგივე "მორალურმა პოლიციამ" დააწესა. თალიბანის მიერ ქვეყნის მმართველობის სადავეების ჩაბარების შემდეგ, ქალების უფლებების შეზღუდვას არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია მოსალოდნელად მიიჩნევდა. სატელევზიო ეთერის მეშვეობით საერთოდ აღარ უნდა გადაიცეს მასალები, სადაც ქალები მონაწილეობენ, ამასთან აიკრძალა მამაკაცების ჩვენებაც, თუკი ტანსაცმელი მათი სხეულის უდიდეს ნაწილს არ ფარავს. ისინი კისრიდან მუხლამდე "სათანადოდ შემოსილნი" უნდა იყვნენ.

სამინისტრომ ეს რეგულაცია ისლამური ღირებულებებით გაამართლა და თქვა, რომ ეს ნაბიჯი ამორალობის პროპაგანდასთან ბძოლისკენაა მიმართული. ამ ვიდეოების ეთერში გაშვება კი შარიათის წესებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედება იქნება. რეგულაციებს ყველა მაუწყებელი უნდა დაემორჩილოს.

"უცხოეთში თუ ადგილობრივად წარმოებული ფილმები, რომლებიც უცხოური კულტურისა და ამორალობის პროპაგანდას ეწევა, არ უნდა მოხვდეს ეთერში", - ნათქვამია ახალი რეგულაციის განმარტებაში. ეთერში არ უნდა გაუშვან ისეთი მასალები, რომლებიც აჩვენებს "ინდივიდების ღირსების შეურაცხყოფას".

"მორალური პოლიციის" დეპარტამენტი თალიბანის მიერ ავღანეთის წინა მმართველობის - 1996-2001 წლებშიც არსებობდა. მსგავსი კანონები მაშინაც გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG