ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაშა ტალახაძე ორი მსოფლიო რეკორდით ევროპის ჩემპიონია


ტალახაძე ფენომენალურ კარიერას აგრძელებს
ტალახაძე ფენომენალურ კარიერას აგრძელებს

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ამჯერად რუსეთის დედაქალაქში დაამტკიცა, რომ დედამიწაზე კონკურენტი არ ჰყავს. მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე, ზე მძიმე წონაში (+109 კგ) საჩხერელმა გიგანტმა სამი ოქროს მედალი ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, თან ფენომენალური ორი მსოფლიო რეკორდით მოიგო.

ტალახაძემ ატაცში 211, 217 და 222 კგ დასძლია, მესამე ცდაზე 222 კგ-იანი შტანგის აწევით ლაშამ მთელი 2 კგ-ით გააუმჯობესა, მისივე, 2019 წელს, ტაილანდში, მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული რეკორდი.

ქართველმა გოლიათმა მეორე მსოფლიო რეკორდი ორჭიდის ჯამში შემოგვთავაზა, აკვრაში ზედიზედ 245, 253 და 263 კგ-იანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდში სარეკორდი 485 კგ-ს მოუყარა თავი, რაც ფენომენალური შედეგია.

რუსეთში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა
რუსეთში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა

შედარებისთვის, მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა მეორე და მესამე ადგილზე გასულ სომეხ სპორტსმენებს მინასიანსა და ლალაიანს, ორჭიდის ჯამში, 21 და 40 კგ-ით გაუსწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ლაშას კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს.

მოსკოვში, ვინერ-უსმანოვას სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიხურა, ლაშა ტალახაძემ მეხუთედ (2016, 2017, 2018, 2019, 2021) მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტული. ქართველმა რესკორდსმენმა თქვა, რომ მისთვის რუსეთში გამარჯვება დამატებითი სტიმული იყო:

მეც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ის ერთ-ერთი ქართველი, რომელიც მოსკოვში საქართველოს ჰიმნს ააჟღერებდა და ასეც მოხდა. ახლა რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზეც გამარჯვებების იმედი მაქვს
ლაშა ტალახაძე, მსოფლიო ძალოსნობის ვარსკვლავი


"დიდი სურვილი გვქონდა, რუსეთში საქართველოს ჰიმნი აგვეჟღერებინა. პირველმა ეს ანტონ პლესნოიმ შეძლო. თანაც, მისი გამოსვლა 9 აპრილს დაემთხვა, რამაც დიდი სტიმული მოგვცა. რა თქმა უნდა, მეც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ის ერთ-ერთი ქართველი, რომელიც მოსკოვში საქართველოს ჰიმნს ააჟღერებდა და ასეც მოხდა, ახლა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც გამარჯვებების იმედი მაქვს." - აღნიშნა ტალახაძემ.

222!!!
222!!!

ერთადერთი რეკორდი, რომელიც ტალახაძეს მოსახსნელი დარჩა, ბელორუსული წარმოშობის საბჭოთა ძალოსანს სერგეი ტარანენკოს ეკუთვნის, აკვრაში 266 კგ, რომელიც ტარანენკომ1988 წელს დააფიქსირა.

ტარანენკომ მომდევნო წლებში არაერთხელ აღიარა, რომ მთელი კარიერის მანძილზე დოპინგს იღებდა, ეს რეკორდიც ძალოსნობაში წონების ცვლილების გამო დიდი ხანია ოფიციალურად აღარ ითვლება, თუმცა აკვრაში 266 კგ დღემდე გინესის რეკორდად და ტალახაძის ყველაზე დიდ და გამოწვევად რჩება.

ანტონ პლესნოიმ საქართველოს სამი ოქრო მოუტანა
ანტონ პლესნოიმ საქართველოს სამი ოქრო მოუტანა

მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ასევე ააჟღერა: უკრაინული წარმოშობის ანტონ პლესნოიმ (96 კგ), რომელმაც ტალახაძის მსგავსად სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

რუსეთის დედაქალაქში თავი ასევე გამოიჩინეს, ერთი მცირე ოქროთი და ორი ვერცხლით რევაზ დავითაძემ (89 კგ); ორი ვერცხლის მედლით შოთა მიშველიძემ (61 კგ) და ბრინჯაოთი გოგა ჩხეიძემ (67 კგ). ქალებში ატაცში მცირე ოქროს მედალი, ასევე უკრაინული წარმოშობის ანასტასია ჰოტფრიდმა (87 კგ) მოიგო.

ანასტასია ჰოტფრიდის მცირე ოქრო ატაცში
ანასტასია ჰოტფრიდის მცირე ოქრო ატაცში

ევროპის ჩემპიონატზე 38 ქვეყნის 315 ძალოსანი ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოაგროვა და ვაჟთა ნაკრებებს შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ამ მიღწევისთვის სპეციალური ჯილდო მოსკოვში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს გადასცეს.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადამდე ბევრო დრო აღარ რჩება, მაგრამ ვიცით, რა და როგორ არის გასაკეთებელი. მთავარი სწორედ ესაა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება
გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი


"იმ ფაქტს, რომ ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში იყო, ბუნებრივია, თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც არ გვავიწყდება ის დრო და წლები, რომლებსაც ანტონის გამარჯვება დაემთხვა, რასაც ლაშას მიერ შეჯიბრის ძალიან მაღალ დონეზე დახურვა მოჰყვა. ოლიმპიადამდე ბევრო დრო აღარ რჩება, მაგრამ ვიცით, რა და როგორ არის გასაკეთებელი. მთავარი სწორედ ესაა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება" - ასე შეაჯამა ტურნირი გიორგი ასანიძემ.

ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე სპეციალური ჯილდოთი
ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე სპეციალური ჯილდოთი

XS
SM
MD
LG