ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს


ფოტო: რადიო თავისუფლება
ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და შერჩევითი სამართლის ნიშნების შესახებ ის ორგანიზაციები საუბრობენ, რომლებსაც სამართლის მიმართულებით, მედიის ადვოკატირების მხრივ, ასევე ცალკეული მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ საქმეებზე კონსულტირებისა და სასამართლოებში მათი წარმომადგენლობებისთვის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ.

დღეს, თბილისში, ოპერასთან ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ტაბულას" პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციული წესით, 150–ე მუხლით დააკავეს. ისინი ღობესა და ბოძზე აკრავდნენ პლაკატს, რომელზეც ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია გამოსახული რუპსეთის პრეზიდენტ პუტინთან და გაზპრომთან ერთად. „მაკავებენ, რადგან პროტესტი გამოვთქვით გაზპრომის შემოსვლის შესახებ საქართველოში“,- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი. პოსტერები სპეციალურად დამზადდააქციისთვის, რომელიც ხვალისთვისაა დაგეგმილი და სადაც დაგეგმილია ხელისუფლების მოლაპარაკებების დაწყება რუსულ კომპანია „გაზპრომთან“. მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს: „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან იმართებოდა უკანონო აქციები, სახლებს ესროდნენ პომიდვრებს და ასევე კვერცხებს, იყო მუქარა მოსამართლეების მიმართ. მაშინ შსს-ს ამაზე ყური არ შეუბერტყავს. დღეს, როდესაც ხდება იმ სიბინძურის გაპროტესტება, რომელიც უკავშირდება გაზპრომთან დაკავშირუბულ თემებს, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო დღეების განმავლობაში. გარდა ამისა, დროებით ნაგებობაზე ეკვრება პლაკატები და ამის გამო აკავებენ მოქალაქეებს, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია ზოგადად და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“.

საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის ხმასთან შემაშფოთებელი ტენდენციების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილის დაკავება შერჩევითი სამართლის ნიმუშადაც გამოდგება. საიას ხელმძღვანელი ამას მისი ორგანიზაციის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად ამბობს და რამდენიმე მაგალითსაც ასახელებს. „ესაა კიდევ ერთხელ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არასწორად გამოყენების ფაქტი, როდესაც სამართალდამცავები იერსახის დამახინჯების ბრალდებით აკავებენ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას ახორციელებენ. ძალიან ნათელია, რომ როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც ჯერ ერთი, რომ ქვემდგომი ნორმატიული აქტია და მეორეც: ძალიან მოძველებულია უკვე, რადგან 1984 წელსაა მიღებული. არამედ უნდა იხელმძღვანელონ ამ ქვეყნის კონსტიტუციით, რომელიც იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.“

საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკანასკენელ პერიოდში არაჯანსაღი პრაქტიკა მკვიდრდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ეს პრაქტიკა ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. „არაა საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში დავინახოთ ცალკეული პოლიციელების ბრალი, უნდა დადგეს მათი ზემდგომების პასუხისმგებლობის საკითხი“,- მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი: „ასეთი შემთხვევა ჩვენ პირადად გვქონდა, როდესაც ვიცავდით ადამიანებს ქუთაისში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ უკვე ტენდენციის სახით, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ნაკლებად შემწყნარებელი ხდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ და იყენებს მათ მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტებს და სამართალს. ესაა შერჩევითი სამართლის ნიმუში და ამავე დროს წარმოადგენს კონსტიტუციური უფლების ხელყოფის ნიმუშს.“

ჩერგოლეიშვილის, ხვადაგიანისა და მაჭავარიანის სასამართლო პროცესები ხვალ გაიმართება. როგორც ტაბულას ხელმძღვანელმა განაცხადა, ამ დროისთვის, შესაძლოა უკვე მათ გაამზადონ სარჩელი დაკავების უკანონობის შესახებ. ასევე ხვალისთვის მზადდება აქციაც კანცელარიის წინ, სადაც ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებებით უკმაყოფილო მოქალაქეები აპირებენ შეკრებას.

XS
SM
MD
LG