გაეროს დევნილთა კომისარიატის ანგარიშის მიხედვით ერაყში მიწის სიმცირის პრობლემაა და ბაღდადს სირიელი დევნილების განთავსებასულ უფრო და უფრო უჭირს. გაეროს შეფასებით აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ ერაყის ქურთისტანში იგრძნობა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი არკვევდა.
უკვე მესამე წელია რაც სირიაში კონფლიქტი გრძელდება. ომის შედეგად უამრავი სირიელი დაიღუპა, დასახიჩრდა და დევნილად იქცა. გაეროს დევნილთა სააგენტო აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებში სირიიდან დევნილების რაოდენობა იზრდება. ეს კი მიმღებ ქვეყნებს მათი განთავსების პრობლემებს უქმნის. განსაკუთრებით მწვავედ კი ეს საკითხი ერაყის ქურთულ რეგიონში იგრძნობა.
გაეროს დევნილთა კომისარიატის წარმომადგენელი ადრიან ედვარდსი ამბობს, რომ ერაყში ყოველდღე 800-900 სირიელი დევნილი ჩადის. მისი თქმით, სამი თვის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.
„ერაყში მიწის გამოყოფა მნიშვნელოვანი საკითხია. ჩრდილოეთ ქურთისტანში უამრავი დევნილია. მათი რაოდენობა ისე იზრდება, რომ განთავსების პრობლემა რეალური ხდება, რაც დაუყოვნებლივ ითხოვს გადაჭრას. ეს პრობლემა ყველა ქვეყანაშია, თუმცა ერაყში განსაკუთრებით იგრძნობა“ - ამბობს ედვარდსი.
მისი თქმით, ახალი ბანაკების ასაშენებლად უფრო მეტი სივრცეა საჭირო. ახალი მიწების გამოძებნა გადაჭედილი ბანაკების განტვირთვას გამოიწვევს. ედვარდსი ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარება დომიზის ბანაკშია, რომელიც ჩრდილოეთ ერაყში დოჰუკის გუბერნიაშია.
ამ ბანაკში დაახლოებით 35 ათასი სირიელი დევნილია თავმოყრილი. ათასობით ოჯახი საკუთარ კარვებს ახლადშემოსულ დევნილებს უნაწილებს. ბანაკში 3 500 მდე ოჯახია, რომელთაც თავშესაფარი არ აქვთ და ღია ცის ქვეშ არიან.
„ბანაკების გადატვირთვის შედეგად სანიტარიის პრობლემაც დგას, რაც სტანდარტებს აღარ შეესაბამება. ხალხის სიმრავლე და ტემპრეატურის დათბობა დაავადებების გავრცელებას შეუწყობს ხელს. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებულია დიარეა. თებერვლის შემდეგ, ყოველ 100 ბავშვიდან დიარეა ცხრას აქვს. ასევე დაფიქსირებულია ჰეპატიტის 62 შემთხვევა,“ - ამბობს ედვარდსი.
მისი თქმით, გაეროს დევნილთა კომისარიატი ამ საკითხის მოსაგვარებლად მჭიდროდ თანამშრომლობს ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან და ქურთისტანის ადმინისტრაციასთან. ამის შედეგად, ერბილის და სულეიმანიას ადგილობრივმა მთავრობებმა დევნილთათვის დატებითი მიწების გამოყოფა გადაწყვიტეს. გამოყოფილ მიწებზე შესაძლოა 25 ათასი დევნილის განთავსება, რაც საერთო რაოდენობის ერთ მესამედს დააკმაყოფილებს.
გაეროს შეფასებით, მარტის ბოლოსთვის ერაყში 121 ათასი სირიელი დევნილია აღრიცხული. მათგან 90 პროცენტი ქურთულ რეგიონშია თავმოყრილი. სულ დევნილთა საერთო რაოდენობა იორდანიაში, ლიბანში და თურქეთის დანარჩენ ნაწილში, მილიონ ორასი ათასს აღემატება.