ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი დევნილები


ლტოლვილთა რაოდენობა იზრდება, მათ დასახმარებლად გამოყოფილი თანხა კი იგივე რჩება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, სირიიდან დევნილთა რაოდენობამ მეზობელ ქვეყნებში უკვე მილიონ სამასი ათასს გადააჭარბა. ლტოლვილთა კომისარიატი შიშობს, რომ წლის ბოლოსთვის ეს რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს, თუ სირიის კრიზისი არ გადაიჭრება. დეტალებს ჟენევიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი არკვევდა.

გაეროს დევნილთა კომისარიატის განცხადებით, სირიაში ვითარების გაუარესებასთან ერთად ქვეყანას ყოველდღე დაახლოებით 8000 ადამიანი ტოვებს. ისინ მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს. კომისარიატის სირიის საკითხების კოორდინატორი პანოს მომთიზი ამბობს, რომ იორდანიაში, ლიბანში და თურქეთში სირიელთა რაოდენობამ მილიონ სამასიათასს მიაღწია. ამასთანავე ეს ციფრი არ ასახავს იმ ადამიანებს, რომელთაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ამდენად, დევნილთა რეალური რაოდენობა ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

„შარშანდელთან შედარებით დევნილთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. 12 თვის წინ სირიიდან დაახლოებით 30 ათასი დევნილი იყო. ახლა კი მათი რაოდენობა მილიონ სამასი ათასია. მოსალოდნელთან შედარებით, ეს რაოდენობა 120 პროცენტით არის მომატებული. ჩვენ ივნისისთვის ვგეგმავდით მილიონ ასი ათასი ადამიანის დახმარებას, თუმცა დღეისთვის დევნილთა რაოდენობა უკვე გაცილებით მეტია. სირიელი ლტოლვილების სამი მეოთხედი ქალები და ბავშვები არიან,“ - ამბობს მომთაზი.

დევნილთა რაოდენობა იზრდება, მათ დასახმარებლად გამოყოფილი თანხა კი იგივე რჩება. გაეროს დევნილთა კომისარიატის განცხადებით, საჭირო ერთი მილიარდი დოლარიდან ისინი ივნისამდე მხოლოდ მესამედს მიიღებენ.
ამის მიუხედავად გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციების აქტივობა იანვრის შემდეგ შესამჩნევად არის გაზრდილი. მომთაზი ამბობს, რომ ისინი აფართოვებენ პერსონალს, ჯანდაცვის სამსახურებს, იძენენ საკვებს, წყალს მედიკამენტებს და ასევე ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს.

„ჩვენი თანამშრომლები შვიდი დღე 24 საათის რეჟიმში მუშაობენ, რადგანაც დევნილთა ნაკადი არ წყდება. ამდენად ჩვენ ვშიშობთ, რომ დაფინანსების დაგვიანების შემთხვევაში საქმეს ვეღარ შევასრულებთ,“ - ამბობს მომთაზი.


მისი თქმით, გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოების დაფინანსება უკვე შეზღუდულია. მომთაზიმ ასევე განაცხადა, რომ დევნილთა ბანაკები გადატვირთულია და ახალი ბანაკების მშენებლობაა საჭირო.
წლის დასაწყისში ქუვეითში გამართულ კონფერენციაზე არაბულმა ქვეყნებმა დევნილებისთვის მილიარდ ნახევარი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. მომთაზი აცხადებს, რომ ამ თანხის მხოლოდ ნაწილი - 400 მილიონი დოლარი მიიღეს.
XS
SM
MD
LG