ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში 1000 ტონამდე ქიმიური იარაღი რჩება


საერთაშორისო ინსპექტორებმა სირიაში დაგეგმილი ქიმიური იარაღის აღწერის და განადგურების პირველი ეტაპი დაასრულეს



სირიის ქიმიური იარაღის არსენალის და მისი წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარების ფრთხილი დემონტაჟის, გაუვნებელყოფის და განადგურების შემდეგ, საერთაშორისო მისია აცხადებს, რომ მათი მუშაობის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ადგილზე სამუშაოებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) ახორციელებდა.

ორგანიზაციის სპიკერის, მაიკლ ლუჰანის თქმით, მათ ჯერჯერობით დაასრულეს პირველად, დეტალურად აღწერილ სიაში შეყვანილი იარაღის, თუ მოწყობილობა-დანადგარების განადგურება და დღეისათვის ქიმიური იარაღის საწარმოები მწყობრიდან არის გამოყვნილი. მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ათივე ინსპექტორი ჰააგაში დაბრუნდა.

ლუჰანი აცხადებს, რომ მათ მიზანს მიაღწიეს: „ვთვლით, რომ პირველი ეტაპისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც სირიის მხრიდან გაცხადებული ქიმიური იარაღის პროგრამების არსებობის ადგილმდებარეობის დადასტურებას და წარმოების პროცესის დემონტაჟს ითვალისწინებდა, წარმატებით განხორციელდა“.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია დამოუკიდებელი ერთეულია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ის ჰააგაშია დაფუძნებული და პასუხს აგებს იარაღის იმ კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის განვითარებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაცემას და გამოყენებას. 189 ქვეყანა მონაწილეობდა ამ კონვენციაში, რომელსაც 14 ოქტომბერს სირიაც შეუერთდა.

გაეროსთან თანამშრომლობით, ორგანიზაციის მისიამ სირიის ხელისუფლების მიერ გადაცემული 23 საწარმოდან 21-ის ინსპექცია განახორციელა. საერთო ჯამში, 41 ობიექტიდან 39 აღწერეს. ორ დარჩენილ საწარმოში უსაფრთხოების მოსაზრებით, შემოწმება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სპიკერი აცხადებს, რომ ამ ორ ადგილზე მისვლა ძალიან სარისკო იყო. თუმცა, სირიის მთავრობამ დაარწმუნა ისინი, რომ იქიდან საწარმოო დანადგარების სხვა, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადატანა მოხდა.

„სირიის მთავრობის სანდო პირებმა იმის დამადასტურებელი საკმაოდ მყარი მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომ იარაღი და მოწყობილობები სხვაგან იქნა გადატანილი. ჩვენმა ინსპექტორებმა ისინი აღწერეს და მათი ფუნქციონალური განადგურება ორგანიზაციის სრული კონტროლის ქვეშ განხორციელდა“ - აღნიშნავს მაიკლ ლუჰანი. მისი თქმით, მომდევნო ეტაპი, რომელიც არსენალში დაცული იარაღის და ორმაგი აგენტების განადგურებას ითვალისწინებს, ინსპექტორებს საშუალებას მისცემს დაახლოებით 1 000 ტონამდე იარაღი მოსპონ.

შემდეგი ეტაპის დასრულება 15 ნოემბრამდე იგეგმება, თუმცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სპიკერის თქმით, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ლუჰანი იმედოვნებს, რომ აღწერილი იარაღის განადგურება 1 ნოემბრამდე მოხდება. დარჩენილი იარაღის სრულად გაუვნებელყოფა კი 2014 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

„ჩვენმა ინსპექტორებმა აღწერილ ქიმიურ იარაღს ისეთი პლომბი დაადეს, რომელიც მათი კონტროლის გარეშე ვერ მოიხსნება. ასევე დაიპლომბა წარმოებისწინა ეტაპისთვის თუ უკვე შესაზავებლად გამზადებული ქიმიური აგენტები. მთელი არსენალი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ იმყოფება. მათ ხელს ვერაფრით ახლებენ ისე, რომ ჩვენ ეს ვერ შევიტყოთ“ - აცხადებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სპიკერი.

დამასკო თანახმაა, რომ მის ხელთ არსებული მთელი ქიმიური იარაღის არსენალის განადგურება მოხდეს. შეთანხმება შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც აგვისტოში, სირიის ხელისუფლების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყნებისთანავე, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მან სირიაში საბრძოლო ოპერაციების დაწყება გადაწყვიტა და შესაბამისი წინადადება დასამტკიცებლად კონგრესს წარუდგინა.

სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება. 2011 წლის მარტში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ქვეყანაში დაახლოებით 100 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. 6.5 მილიონი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
XS
SM
MD
LG