ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვენციის საკითხი სირიაში


ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა აუცილებელი იქნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ყატარის დედაქალაქ დოჰაში სირიის ოპოზიციის ლიდერები სამომავლო სტრატეგიაზე მსჯელობენ. სირიის ნაციონალურმა საბჭომ გუშინ მისი უფლებამოსილების გაფართოვებას მისცა ხმა, რასაც შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებოდა და უფრო წარმომამდგენლობითი ორგანოს შექმნას ითხოვდა. სირია კვლავ რჩება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, კეიდა კოსტრეცი არკვევდა.

შეერთებული შტატები სირიაში ბაშარ ალ-ასადის შემცვლელის და გარდამავალი ხელისუფლების განსაზღვრას ცდილობს. ამავდროულად, ობამას ადმინისტრაცია კვლავ განიხილავს სირიაში არასაფრენი ზონის გამოცხადების საკითხს, თუმცა, სამხედრო ოპერაციის გარეშე. ამერიკის ყოფილი ელჩი, ფრენკ ვისნერი ამბობს, რომ ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიელი ამბოხებულების სამხედრო დახმარება არ განიხილება.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ სამხედრო გზაზე, არამედ ეს უნდა იყოს პოლიტიკური საშუალების არჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც საშინელია სირიის რეჟიმი, მით უფრო საშინელია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. თუმცა, ამ ვითარებიდან გამოსვლა უნდა მოხდეს პოლიტიკური მეთოდებით,“ - ამბობს ელჩი ვისნერი.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა აუცილებელი იქნება. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ენ მარი სლოტერი სახელმწიფო დეპარტამენტში პოლიტიკის დაგეგმვაში იყო ჩართული.

„ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს იქ ბუფერული ზონების შექმნას, არასაფრენი ზონების ჩათვლით, რასაც დაცვა და უზრუნველყოფა სჭირდება.“

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი „ნატო"-ში და არიზონას უნივერსიტეტის ექსპერტი, კურტ ვოკერი აცხადებს, რომ ამერიკამ სამხედრო კომპონენტის უზრუნველსაყოფად ფართო დიპლომატიური ბაზა უნდა შექმნას.

„ეს უნდა იყოს არასაფრენი ზონის, საჰაერო თავდაცვის ერთობლიობა, რამაც უნდა შეზღუდოს სირიის შიგნით მძიმე ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა. ამის გაკეთება სირიაში ამბოხებულებს სივრცეს და დროს მისცემს. ამის შემდეგ, კი უნდა მოხდეს თურქეთთან უსაფრთხო საზღვრის განვითარება,“ - აცხადებს ვოკერი.

თურქეთში სირიიდან უკვე 100 ათასზე მეტი დევნილია გადასული. ვაშინგტონი არასაფრენი ზონის დაწესებაზე ფიქრობს ჩრდილოეთის იმ რაიონებში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ყოფილი ელჩი ვისნერი ამბობს, რომ არასაფრენი ზონის დაწესება ერთგვარი სამხედრო ინტერვენციაა, ოღონდ სხვა სახელწოდებით.

„არასაფრენი ზონის, ჰუმანიტარული ზონის შექმნა ნიშნავს ადგილზე სამხედრო კონტინგენტის ყოფნას. არასაფრენი ზონა ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ჩამოაგდოთ ის მფრინავები, ვინც არღვევენ ამ ზონას. ეს კი სამხედრო ოპერაციაში ჩართვას გამოიწვევს,“ - ამბობს ვისნერი.

მისი აზრით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო ინტერვენცია შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები სირიის ოპოზიციას მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით ეხმარებიან.
XS
SM
MD
LG