ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლას პოზიცია სირიასთან დაკავშირებით


სირიის კონფლიქტმა შესაძლოა რეგიონი მოიცვას

ანალიტიკოსები რეგიონზე სირიის კონფლიქტის გავლენას აფასებენ

სირიაში მიმდინარე კონფლიქტს რეგიონის ქვეყნებზე სპირალისებური ეფექტი გააჩნია. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი ბეირუთიდან იუწყება, თუ რა გავლენა აქვს სირიის მოვლენებს ლიბანზე და შიიტურ მოძრაობა ჰეზბოლაზე.
სირიაში გასულ თვეს 11 ლიბანელი შიიტი მლოცველის გატაცება რელიგიური დაპირისპირების ნათელი მაგალითია. ამ ფაქტთან კავშირი სირიის ოპოზიციამ უარყო. თუმცა, მანამდე უცნობმა დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მლოცველები მანამდე ეყოლებათ დაკავებული, ვიდრე სირიის მთავრობა შეტევებს არ შეაჩერებს. გამტაცებელთა განცხადებით, გატაცებულთაგან ხუთი პილიგრიმი ჰეზბოლას წევრია, ლიბანური მოძრაობის, რომელიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს.
როგორც ცნობილია, ჰეზბოლა სირიის მთავრობის დიდი ხნის მოკავშირეა. დამასკო დაჯგუფებას ისრაელთან საბრძოლველად წლების განმავლობაში ამარაგებს იარაღით. თუმცა, ბოლო დროს, ჰეზბოლამ სირიაში მიმდინარე ძალადობა დაგმო, და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას დაუჭირა მხარი. რამი ხორი ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო საკითხების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ ჰეზბოლა რთულ მდგომარეობაშია.
„სირიის მთავრობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომაც მათ არ სურთ სირიის მთავრობასთან წინააღმდეგობა. რაც სირიაში ხდება ეს ძალზედ სახიფათოა მათთვის. ამიტომაც მათ რეფორმებზე საუბრით შუალედური გამოსავალი იპოვეს. თუმცა, ყველას კარგად ესმის, რომ ჰეზბოლას სირიაში რეჟიმის შენარჩუნება სურს,“ - ამბობს რამი ხორი.
ჰეზბოლასთან დაახლოებული გაზეთის „ალ-ახბარის“ რედაქტორი ომარ ნაშაბი ამბობს, რომ სირიის მიმართ ჰეზბოლას ურთიერთობაში ბოლო დროს მერყეობა შეინიშნება.
„ურთიერთობას პრაგმატული ხასიათი აქვს. ეს ურთიერთობა შესაძლებლობებს ეფუძნება. ჰეზბოლა საკმაოდ გონივრულად მოქმედი პარტიაა,“ - ამბობს ომარ ნაშაბი.
როგორც ჰეზბოლას ლიდერები ამბობენ, მათი მიზანი პოლიტიკური ისლამის გაძლიერება და პალესტინური მიწისთვის ბრძოლაა.
მას შემდეგ რაც სირიის მოვლენების გამო ლიბანში დაპირისპირების ნიშნები გაჩნდა, ჰეზბოლაც და მისი კონკურენტი დაჯგუფება ამალიც თავის მომხრეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდბენ. ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ჰილალ ხაშემი ამბობს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკური სტაბილურობაა, რასაც ორივე დაჯგუფებამ 20 წლიანი დაპირისპირების შემდეგ მიაღწია.
„არც ჰეზბოლა და არც ამალი არ არის დაინტერესებული დაძაბულობის ატმოსფეროს შექმნით და იმ შედეგის რისკის ქვეშ დაყენებით, რასაც 20 წლის შემდეგ მიაღწიეს. ამდენად, მათ ქვეყანაში მშვიდობა სურთ,“ - ამბობს ხაშემი.
რედაქტორი ომარ ნაშაბი ამბობს, რომ ჰეზბოლა მართალია გმობს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სირიის არმიის ძალადობას, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სირიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეა, ამდენად დასავლეთის და არაბული მთავრობების განცხადება, რომ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა, მცდარია. ნაშაბის თქმით, სირიაში ერთადერთი გამოსავალი ბრძოლების შეწყვეტა და დიალოგის დაწყებაა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს სირიის ოპოზიცია. მათთვის ერთადერთი გამოსავალი ასადის რეჟიმის დამხობაა.
XS
SM
MD
LG