ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ამბოხებულების ჩიხი ალეპოში


ბრძოლის ველად ქცეულ ძველ ქალაქში ფრონტის ხაზი მუდმივად იცვლება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

თვეების მანძილზე, თავისუფალი სირიის არმიის ამბოხებულები სამთავრობო ძალებს სირიის ყველაზე დასახლებულ ქალაქში - ალეპოში ებრძვიან. სამთავრობო სნაიპერებისა და თვითმფრინავებიდან თუ ვერტმფრენებიდან წარმოებული შეტევების ფონზე, ამბოხებულები ჩიხში არიან მომწყვდეულნი. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, სკოტ ბობი, რომელიც ცოტა ხნის წინ ალეპოში იმყოფებოდა ამობეხებულებთან, მათ სტრატეგიაზე მოგვითხრობს.

ორად გახლეჩილ ალეპოში დილაა. თავისუფალი სირიის არმიის ამბოხებულები საბრძოლო მისიისთვის ემზადებიან. გეგმის განსახილველად მოკლე დროით იკრიბებიან, შემდეგ კი, ტყვიების ქარცეცხლში გზის გაკვლევას ცდილობენ.

ბრძოლის ველად ქცეულ ძველ ქალაქში ფრონტის ხაზი მუდმივად იცვლება. ამბოხებულები წინ მიიწევენ, თუმცა, მთავრობის მხრიდან საჰაერო დაბომბვების გამო ხშირად უკან დახევა უწევთ, რადგან თავდაცვის ადექვატური რესურსი არ გააჩნიათ.

ამ ქუჩაზე სნაიპერები არიან. ამბოხებულები სარკეს იყენებენ, რომ ქუჩის განაპირა მხარეები დაათვალიერონ. ერთ-ერთი მათგანი სნაიპერის მიმართულებით თვითნაკეთ ასაფეთქებელს ისვრის და მისგან სწრაფ რეაგირებას იღებს.

მებრძოლები გარდაცვლილი ოჯახის წევრთა გვამების გამოტანას ცდილობენ. ისინი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სამზარეულოში გაზის ბიდონს ნაღმმტყორცნი მოხვდა. გარდაცვლილებს შორის სამი ბავშვი და ერთი ქალი - მათი დეიდაა. ბავშვების დედა დაჭრილია. ამ ყოველივეს შემხედვარე მამა კი გულის შეტევით გარდაიცვალა.

აბუ აჰმედი - ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის - ამბობს, რომ გვამები აქ თითქმის ორი კვირაა, რაც დევს. გაჩაღებული ბრძოლების გამო ამბოხებულებმა მათთან მიახლოვება ამ დრომდე ვერ შეძლეს.

„მოდით და ნახეთ, ღვთის გულისათვის, ეს ჰუმანიტარული კრიზისია. ხალხი ჩვენს თვალწინ იხოცება და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ყოველ დღე, ერთი, ორი ან ათი შემთხვევაა ასეთი,” - ჰყვება აჰმედი.

ეს ემოციური მომენტია, თუმცა, კვლავ საშიში. სნაიპერებისაგან თავის დასაღწევად ამბოხებულები სახელდახელოდ შექმნილი გვირაბების გავლით ერთი ბინიდან მეორეში გადადიან.

მაშინ, როდესაც ალეპოში მშვიდობიანი მოქალაქეები ყოველდღიურად იღუპებიან, უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე წამოწყებული ბრძოლების შეწყვეტის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. ალეპოს მკვიდრებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის იმედიღა შერჩენიათ.
XS
SM
MD
LG