ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიას ორ თვეში დახმარება შეუწყდება


სირიაში 4 მილიონი და სირიის გარეთ 3 მილიონი ადამიანისთვის სურსათით ჰუმანიტარული დახმარება გაეროს თვეში 168 მილიონი დაუჯდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00
ბმული

მსოფლიო სურსათის პროგრამას დაფინანსება ორ თვეში გაუთავდება იმ ოპერაციების შესასრულებლად, რომლითაც ორგანიზაცია სირიის საზღვრებს შიგნით 2.5 მილიონ ადამიანს, ხოლო მის საზღვრებს გარეთ კი მილიონზე მეტს სურსათით უზრუნველყოფს.

მსოფლიო სურსათის პროგრამის დირექტორი ეთარინ კუზინი ამერიკის ხმას ბეირუთში ესაუბრა, სადაც ის რამდენიმე საათით სირიიდან ჩაფრინდა. კუზინი გაეროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც უკანსკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში სირიას ესტუმრა. მისი თქმით, ამჟამად ყველაზე დიდი გამოწვევა მილიონობით სირიელისთვის სურსათის მიწოდებაა.

„აგვისტოს ბოლომდე საქმიანობის გასაგრძელებლად საკმარისი სახსრები გვაქვს. მაგრამ პირველი სექტემბრიდან საქმე სხვანაირად იქნება. ყოველდღიურად ვესაუბრებით დონორებს. ფული, როგორც შემოდის ისე იხარჯება. ჩვენ საქმიანობას ისევ ისეთი მოქნილი მეთოდებით გავაგრძელებთ, როგორც აქამდე. მთავარია დონორებმა ჩვენს საქმიანობაში ინვესტირება გააგრძელონ.“

მისი გათვლებით, წლის ბოლომდე სირიაში 4 მილიონს, ხოლო სირიის გარეთ კი 3 მილიონ ადამიანს დასჭირდება სურსათით ჰუმანიტარული დახმარება, რაც გაეროს თვეში 168 მილიონი დაუჯდება.

თუმცა, დაფინანსება არ არის ერთადერთი პრობლემა, რომლის გადალახვაც გაეროს სურსათის ორგანიზაციას სჭირდება. სირიაში ყოფნის დროს, კუზინი სირიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ჰუმანიტარული დახმარების დაბრკოლების გარეშე გადაადგილების უფლება მოსთხოვა.

უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების საკონტროლო გამშვები პუნქტები და ისლამისტური დაჯგუფება ალ ნუსრა ჰუმანიტარულ ტვირთს აჩერებენ და მათ გადაადგილებაში ხელს უშლიან. გაეროს სურსათის ორგანიზაცია კი 20 პარტნიორ ორგანიზაციასთან მუშაობს, რომლებიც დახმარებას ადგილზე ანაწილებენ.

„მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გზავნილი პირდაპირი იყო - გაეროს დაუბრკოლებლად უნდა შეეძლოს გაჭირვებული ადამიანებებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ხელი არც მთავრობამ და არც ოპოზიციამ უნდა შეგვიშალოს. ჩვენ ვაპირებთ კონფლიქტში ჩართულ თითოეულ მხარეს ველაპარაკოთ და ვთხოვოთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება შეუფერხებლად გაატარონ ადამიანებთან, რომლებიც ამ დახმარების გარეშე იშიმშილებენ.“

კუზინის თქმით, მან სირიის მთავრობის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არ სურს პოლიტიკური საკითხების განხილვა.

„რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკური თემების განხილვა სურდათ. მაგრამ ძალიან სწრაფად გაიგეს ის, რომ მე არ ვაპირებდი პოლიტიკურ საუბრებში მონაწილეობას. დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანი საუბრობს, ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ სირიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ კი საბოლოო ჯამში გვიწევს თავი გავართვათ ვითარებას, რომლისთვისაც პოლიტიკური გამოსავალი ჯერ არ ჩანს.“

კუზინის თქმით, ის უდიდეს პატივს სცემს მსოფლიო სურსათის პროგრამის 100 თანამშრომელს, რომლებიც სირიაში მუშაობენ და ყოველდღიურად უდიდესი საფრთხის წინაშე დგანან. მას ხშირად უწევს თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილების მიღება ისეთ შემთხვევებში, როცა სირიის რომელიმე რეგიონში სიტუაცია განსაკუთრებით იძაბება.

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა აუცილებელი. თანამშრომლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მაგრამ თუ ისინი რომელიმე რეგიონიდან გამოვლენ, მაშინ იქ ადამიანები შეიძლება მშიერი დარჩნენ. მე ვმუშაობ ადამიანებთან, რომლებიც ყოველ დღე მაოცებენ საკუთარი თავდადებით და შემართებით, იქნება ეს დარფურში, ერაყში, ავღანეთში თუ სირიაში.“

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამასკო ინტენსიურად იბომბება, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის თანამშრომლები მათ იმედზე მყოფი მოსახლეობის დატოვებას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG