ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის გამო მოლაპარაკება შეიძლება ჩაიშალოს


სირიის ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე სახლი
სირიის ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე სახლი

გაერო სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებს თებერვლის ბოლომდე აუქმებს. რუსეთის დახმარებით სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ალეპოში განხორციელებული იერიში ჟენევის მოლაპარაკებას ჩაშლით ემუქრება.

ომანში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში ალ-ნუსრას დაჯგუფების დაბომბვას გააგრძელებს და იერიშების შეწყვეტის მიზეზს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. რუსეთის დახმარებით სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოზე თავდასხმები განაახლეს.

დასავლეთი აკრიტიკებს კრემლის მიერ სირიაში გაგრძელებულ საომარ კამპანიას და აცხადებს, რომ მისი სამიზნე არა ტერორისტები, არამედ ოპოზიციური ძალები არიან. სამშაბათს, რომში მყოფმა ჯონ კერიმ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

„რამდენიმე დღის წინ მე ველაპარაკე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, კონკრეტულად ვისაუბრეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და მან მითხრა, რომ მზად არის ამისთვის. ირანიც ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ ის სამუშაო, რაც ჩვენ გავწიეთ და აქამდე მოვიყვანეთ, უნაყოფო არ დარჩება“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მოჰამედ ალუში, სირიის ოპოზიციის წარმომადგენელი ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც გაეროს ეგიდით მოეწყო, ამბობს, რომ ის პესიმისტურად არის განწყობილი. რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული მცდელობების წარმატებით განხორციელების იმედს მას არ უტოვებს.

„ჩვენი პრობლემა არ არის გაეროს საგანგებო ელჩი სირიაში სტეფან დე მისტურა. ჩვენი პრობლემა ის კრიმინალური რეჟიმია, რომელიც ბავშვებს კლავს და რუსეთი, რომელიც მათ მხარს უჭერს“ - განაცხადა მოლაპარაკებაზე სირიის ოპოზიციის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ამ ფონზე სირიის შესახებ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხში შედის. სირიის არმია კი ალეპოს ჩრდილოეთით მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევს. სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების მიერ დაპყრობილ ორ ქალაქს შორის კავშირი ჩაწყვიტეს და ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომარაგების ხაზს დაესაკუთრნენ.

XS
SM
MD
LG