ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიული წარმოშობის ამერიკელებმა ვაშინგტონში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. თეთრ სახლთან გამოსული დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მათ შორის ბევრია ეგვიპტის, იემენის, თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ „არაბული გაზაფხული“ რეგიონში არ დასრულებულა და ამბოხებები და არეულობა იქ ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად ისეთი სირიელებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც შეერთებულ შტატებში ტურისტული ან სამუშაო ვიზით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების ბედით არ არიან შეშფოთებულნი. სირიელებს ვიზის დასრულების შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნიათ. დემონსტრანტებს შორისაა სირიელი სტუდენტი ნაზიბ ნველატი, რომელიც სახელმწიფო სტიპენდიით ამერიკაში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს:

„ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი სირიელია, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ. გვაღელვებს ჩვენი ახლობლების ბედი, ახალ ამბებში თანამოქალაქეებს ვუყურებთ და ვტირივართ. ამ ყველაფერთან ერთად ვიზის დამთავრების შემთხვევაში არ გვინდა ამერიკაში არალეგალური სტატუსით დარჩენა. დრო გადის, გამოსავალი კი არ ჩანს“ - ამბობს სირიელი სტუდენტი.

როგორც „ამერიკის ხმამ“ შეიტყო, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მათზე ზრუნავს და სპეციალურად ამერიკაში მყოფი სირიელებისთვის „დროებითი დაცვის სტატუსის“ შემოღებას გეგმავს. თუკი ის დამტკიცდა, ამჟამად შეერთებულ შტატებში მყოფ სირიელებს ობამას ადმინისტრაცია ქვეყანაში დარჩენის უფლებას გაუხანგრძლივებს. სტუდენტებს, ტურისტებს და ბიზნესმენებს ამერიკაში ყოფნა ლეგალურად შეეძლებათ მანამ, სანამ სირიაში სიტუაცია არ დარეგულირდება და მათი სამშობლოში დაბრუნება უსაფრთხო არ გახდება.

მარტის დასაწყისში ექვსმა დემოკრატმა სენატორმა პრეზიდენტ ობამას წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნული საგანგებო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა იყო დასაბუთებული. სენატორებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ რეალობაში გაუმართლებელია აიძულო სირიელები სამშობლოში ძალადობის ესკალაციის პირობებში დაბრუნდნენ. ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების ძირეულ ღირებულებებთან, მათ შორის რეპრესირებულთა დაცვაში მსოფლიო ლიდერის როლთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის - ნათქვამია წერილში

ადვოკატი აბედ აინობი ადამიანის უფლებათა დამცველ ყველაზე დიდ არაბულ-ამერიკულ ჯგუფს წარმოადგენს და რეგულაციებში მსგავს ცვლილებებს ლობირებს.

ჰუმანიტარული სიტუაცია სირიაში შემაძრწუნებელია. არაადამიანურობა იქნება ვინმე აიძულო, რომ იქ დაბრუნდეს. ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. თუკი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საელჩოში მომუშავე ამერიკის მოქალაქეთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ სირიელთა სიცოცხლე მითუმეტეს საფრთხეშია“ - აცხადებს ის.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით მსგავს სიტუაციაში მყოფ სირიელთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში 3 ათასამდეა. არაბულ-ამერიკული ჯგუფი კი აცხადებს, რომ იმ სირიელთა რიცხვი, რომელთათვისაც ეს რეგულაცია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს, ბევრად მეტია.

XS
SM
MD
LG