ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში სირიის მეგობართა შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი მიზანიც სირიაში ძალადობის დასრულება და გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა იყო.

შეხვედრაზე გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის მიმართ უნდობლობა გამოხატა და აღნიშნა:

„თითქმის ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სირიის რეჟიმი კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. იმის ნაცვლად, რომ ასადმა სირიის ქალაქებიდან ჯარები გამოიყვანოს, მან ახალი იერიშები განახორციელა, იმის ნაცვლად, რომ ჰუმანტარული დახმარება მოსახლეობამდე მიუშვას, მან ქალაქების ალყა გაამაგრა, ხოლო ძალაუფლების პოლიტიკური გადაცემის ნაცვლად კი მან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავასკვნათ, რომ ასადი არც ამ დაპირებას შეასრულებს.“

შეხვედრის მონაწილე ქვეყნებმა 27 პუნქტიან კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომლითაც ანანის სამშვიდობო გეგმის შესასრულებლად ვადები დაადგინეს. ანანი შეხვედრის ანგარიშით დღეს მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ განაცხადა, რომ იმის დასადგენად შეასრულებს თუ არა ასადი გაეროს სამშვიდობო გეგმას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის მეგობარი ქვეყნები ასადის იზოლირების მიზნით რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ.

„სანქციების კოორდინირებისა და ადგილზე მათი შესრულების მიზნით, სირიის მეგობარი ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს სანქციების პირნათლად შესრულებისთვის. მკაცრი ზომები უნდა დაწესდეს არა მხოლოდ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ხალხის რეპრესირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, არამედ უნდა გაიყინოს სირიის ცენტრალური ბანკის აქტივები და დაწესდეს ემბარგო სირიის ნავთობის იმპორტზე.“

შეხვედრაზე სირიის ოპოზიციის მთავარი პოლიტიკურუ ძალა სირიის ეროვნული საბჭოს ლიდერებიც გამოვიდნენ. მათ ჯგუფის ძალისხმევა შეაქეს, რომელიც სირიის ოპოზიციის გაერთიანებას ისახავს მიზნად. შეხვედრის მონაწილე ქვეყნებმა ეროვნულ საბჭოს მოუწოდეს უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციურ ლიდერებთან მთლი ქვეყნის მასშტაბით. სირიის მეგობარმა ქვეყნებმა ეროვნული საბჭო სირიის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარეს, თუმცა მათ უფრო მეტის გაკეთება სთხოვეს ოპოზიციურ ძალებში დაპირისპირებებისა და უთანხმოების აღმოსაფხვრელად.

ეროვნული საბEო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს სტამბოლსა და ქაიროში არსბული უთანხმოებების გადასაჭრელად.

ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ბასმა კოდამიმ სტამბოლის შეხვერდა იმედგაცრუებით შეაფასა და განაცხადა:

„ჩვენ ველოდებოდით, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული დახმარების სირიის მოსახლეობამდე მიტანის გზები დაისახებოდა. ჩვენ დახმარების მიტანას ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქებისთვის ვცდილობთ. ამისთვის უსაფრთხო დერეფნების დაწესებაა საჭირო, რაც აქამდე სამწუხაროდ ვერ ხერხდება. თუმცა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.“

დასავლეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, სირიაში პირდაპირი ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა ამ ეტაპზე ძალიან სუსტია. გარდა ამისა, გარე ძალების მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაცია ანანის გეგმის განხორციელების საბოლოო იმედს გააქრობს.

XS
SM
MD
LG