ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წითელი ხაზი სირიისთვის


იორდანიის უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სირიის სამოქალაქო ომის შედეგებს

შეერთებული შტატების განცხადებით, სირიის მთავრობამ ქვეყანაში ქიმიური იარაღი გამოიყენა. ეს განცხადება, იმ დროს გაკეთდა, როდესაც პრეზიდენტი ობამა იორდანიის მეფეს ხვდებოდა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი არკვევდა.
ვაშინგტონში ჩამოსვლამდე, მეფე აბდულამ პრეზიდენტი ობამა იორდანიაში ერთი თვის წინ მიიღო. განხილვის მთავარი თემა სირიაში შექმნილი ვითარება იყო. სირიის კრიზისი იორდანიისთვის მძიმე ტვირთია. აქ უკვე ასი ათასზე მეტი სირიელი დევნილია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მეფე აბდულამ გამოხატა შეშფოთება, რომ სირიის კრიზისი მთელ რეგიონზე უარყოფითად აისახება.
„ჩვენ უკიდურესად გვაწუხებს ის საფრთხეები, რაც ამ სექტარული კონფლიქტის გახანგრძლივებას მოყვება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მიგვიყვანს სირიის დანაწევრებასთან, რასაც უზარმაზარი დამანგრეველი შედეგი ექნება მთლიანად რეგიონისთვის,“ - განაცხადა აბდულამ.
პარალელურად, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „სანდო ცნობებზე დაყრდნობით,“ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი დაფიქსირდა.
გასულ თვეს, შეერთებული შტატების ლიდერმა იორდანიაში სტუმრობისას ნათლად განაცხადა,რომ ვაშინგტონი დამასკოს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე წითელი ხაზს უწესებს.
როგორც ცნობილია, იორდანია თავის მხრივ თავშესაფარს აძლევს სირიელ ამბოხებულებს, რომლებიც პრეზიდენტ ასადის დასამხობად იბრძვიან.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ენტონი კორდესმანი ამბობს, რომ იორდანია ცდილობს დელიკატურად ითამაშოს.
„იორდანიას ამერიკული დახმარება ფინანსურ სექტორში სჭირდება. ასევე მას ესაჭიროება მზადყოფნა, თუკი დადასტურდა, სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება და ამის შედეგად სამოქალაქო მსხვერპლი. ამ შემთხვევაში იორდანია თურქეთთან ერთად საგარეო ინტერვენციის შემთხვევაში ძირითადი ტერიტორიები გახდებიან,“ - აცხადებს კორდესმანი.
მისი თქმით, იორდანიის უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სირიის სამოქალაქო ომის შედეგებს.
„სირიაში სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირება ვრცელდება ერაყზეც, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის იორდანიისთვის, რადგან რეგიონში აქტიურდებიან ისლამისტური ექსტრემისტული ჯგუფები, ალ-ყაიდას ჩათვლით, რომელმაც წარსულში იორდანიაშიც განახორციელა შეტევები,“ - ამბობს კორდესმანი.
მარიუს დიბი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის საკითხებს იკვლევს. ის ამბობს, რომ ეხლა ყველა ფიქრობს მომავალზე, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ -ასადი ხელისუფლებიდან წავა. დიბის თქმით, ასადის დარჩენის შანსი არ არსებობს, რადგან მას არ შესწევს სირიაში კონტროლის დამყარების ძალა.
თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა მოიპოვოს მტკიცებულებები ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, რის შემდეგაც უკვე გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება.
XS
SM
MD
LG