ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი აცხადებს რომ სირიელ ამბოხებულებს ღუტას დატოვება შეუძლიათ


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სირიელ ამბოხებულებს, მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, შეუძლიათ საევაკუაციო კორიდორი გამოიყენონ ალყაში მყოფი ქალაქის, ღუტას დასატოვებლად. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მებრძოლებს შეუძლიათ ოჯახებთან ერთად დატოვონ ტერიტორია და თან წაიღონ იარაღი თუმცა ინსტრუქცია თუ სად უნდა წავიდნენ ისინი, არ გაუციათ.

სირიის ქალაქ ღუტაში შეტაკებები გრძელდება, მიუხედავად გაეროს მიერ მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და რუსეთის მიერ დაანონსებული ჰუმანიტარული პაუზისა. ბრიტანული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ცნობით, ორშაბათს, შეტაკებებმა 68 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში კი 760 ადამიანი დაიღუპა. ქალაქში 400,000 ათასი ადამიანია გამომწყვდეული და არ აქვთ წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“ და „საერთაშორისო წითელი ჯვარი“ აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა კოლონამ სირიის ალყაშემორტყმულ და ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ღუტას რეგიონში შესვლა მოახერხა.

ოფიციალური ინფორმაციით, სირიაში შესული 46 სატვირთოთი შეძლეს დაახლოებით 27 500 ადამიანისთვის სამყოფი საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. თუმცა, ამავე დროს, გაეროს ჰუმანიტარული სამსახურების ადმინისტრაციის ცნობით, სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ბევრი პროდუქტის ჩატვირთვის საშუალება მათ არ მიეცათ.

მანამდე, გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ყველა მხარეს. საბჭოს მოთხოვნით, ამ ხნის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს რეგიონში შესვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რათა დაეხმარონ 400 000-ზე მეტ სამოქალაქო პირს სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქტებისა და მედიკამენტების მიღებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG