ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ამერიკელი მოქალაქე დააკავეს


სირიაში ამერიკელი მოქალაქე დააკავეს

სირიის მთავრობამ ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე დააკავა, რომელიც ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ გამართულ სახალხო გამოსვლებში მონაწილეობდა. როგორც ირკვევა, ამერიკელი დააკავეს იმის გამო, რომ იგი სირიაში მსგავს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ფოტოკამერაზე აღბეჭდავდა, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლორენ ფრეიერი.

მოჰამედ რადუანი სირიაში მცხოვრები ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი მოქალაქეა. რადუანი სირიაში საცხოვრებლად ცხრა თვის წინ გადავიდა. მას შემდეგ მოჰამედი ხშირად ეგვიპტეს სტუმრობდა, სადაც იგი ქვეყანაში მომხდარ რევოლუციას შეესწრო.

ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, რადუანი რეგიონში აგორებულმა დემოკრატიული დემონსტრაციების ტალღამ აღაფრთოვანა. მოჰამედ რადუანი დამასკოში ინჟინრად მუშაობდა. იგი ქაიროში ჩაფრინდა და იქ 11 თებერვლამდე დარჩა, როცა ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა ხელისულფება დატოვა.

მაგრამ სირიაში ამ ბოლო დროს მომხდარი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებით დაინტერესებამ გამოიწვია ის, რომ რადუანი ციხეში აღმოჩნდა. მისმა ნათესავმა ნორა შალაბიმ აღნიშნა, რომ მოჰამედისგან ბოლო გზავნილი მან გასულ პარასკევს „თვითერით“ მიიღო.

„’თვითერზე’ მოთავსებული მისი ბოლო გზავნილის თანახმად იგი უმაიადების მეჩეთში დამასკოს ძველ უბანში იმყოფებოდა. ალბათ შემდეგ იგი საპროტესტო დემონსტრაციის სანახავად წავიდა,“ აღნიშნავს ნორა შალაბი.

ერთი დღის შემდეგ კი მოჰამედის ნათესავის შიში გამართლდა.

შაბათს სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო მოჰამედ რადუანი, რომელიც იძულებით აღიარებით ჩვენებას იძლეოდა. სახელმწიფო მედიამ მოჰამედი სირიაში მიმდინარე ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების აღმბეჭდავი ფოტოებისა და ვიდეო ჩანაწერების გაყიდვაში დაადანაშაულა. ამას გარდა სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ რადუანი ისრაელს ესტუმრა, რაც სირიაში დანაშაულად ითვლება და ისჯება.

„რასაც იგი ამბობდა უაზრობა იყო. ცხადი იყო, რომ იგი აიძულეს აღიარებითი ჩვენება გაეკეთებინა. შეშინებული და შეწუხებული ჩანდა. მოჰამედი ძალიან მეგობრულად განწყობილი ბიჭია. იგი ყოველთვის იცინის და იღიმება. მაგრამ ტელევიზიით ნაჩვენებ სიუჟეტში იგი სერიოზულად და შეწუხებულად გამოიყურებოდა. მოჰამედის ამბავი ძალიან მადარდებს,“ წუხს ნორა შალაბი.

რადუანი უკვე მეორე ამერიკელია, რომელიც სირიაში ამ ბოლო ხანებში დააკავეს. პატიმრობაში იმყოფება კიდევ ერთი ამერიკელი, 21 წლის სტუდენტი ვერმონტის შტატიდან. დამასკოში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ამერიკის ხმას აცნობა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა სირიის ოფიციალურ პირებთან მუდმივ კავშირშია და დაკავებული ამერიკელების მონახულებას ცდილობს. გასულ შაბათ-კვირას სირიის ხელისუფლებამ დააკავა როიტერის სააგენტოს ორი ლიბანური წარმოშობის კორესპონდენტი, რომლებიც ორშაბათს გაათავისუფლეს.

ნორა შალაბი აღნიშნავს, რომ მართალია მოჰამედი ეგვიპტეში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს დაესწრო და ამერიკის ხმასაც გაესაუბრა, სირიაში სახალხო გამოსვლებში იგი არ მონაწილეობდა.

„სირიელ პოლიტიკურ აქტივისტებთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. იგი სირიაში ბევრს არ იცნობდა. მან უფრო მეტი დრო ეგვიპტეში გაატარა. სირიაში მხოლოდ ცხრა თვის მანძილზე ცხოვრობდა და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ეგვიპტეს ხშირად სტუმრობდა. სირიაში ბევრ ხალხს არ იცნობდა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეული არ იყო,“ დასძენს ნორა შალაბი.

სანამ მოჰამედს პარასკევს დააკავებდნენ იგი სოციალურ ვებ გვერდ „თვითერის“ აქტიური მომხმარებელი იყო. ალხა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა მისი მხარდამჭერი ჯგუფი სახელწოდებით „გაათავისუფლეთ მოჰამედ რადუანი.“ ჯგუფის წევრობა უკვე 3,000-მდე გაიზარდა, მაგრამ რადუანის ანგარიში „თვითერზე“ ახალი გზავნილებით ჯერ-ჯერობით არ განახლებულა.

XS
SM
MD
LG