ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლემ ფლინის საქმეზე იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეაჩერა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის საქმეში მოულოდნელი სიახლეა.

ფედერალურმა მოსამართლემ იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება შეაჩერა, რომლის თანახმადაც გადამდგარ გენერალს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებები უნდა მოხსნოდა. მოსამართლის თქმით, იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ დრომდე შეჩერდება, სანამ გარე ექსპერტებს შანსი არ მიეცემათ, რომ სასამართლოში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არგუმენტები წარადგინონ.

მოსამართლე ემეტ სალივანმა სამშაბათ საღამოს განაცხადა, რომ „სასამართლოს მეგობრებს“ საშუალება მიეცემათ მოამზადონ ლეგალური არგუმენტები, რომლებსაც სასამართლო „სათანადო დროს“ განიხილავს.

სალივანმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სასამართლოზე მოწმეები დაიბაროს და მათ იუსტიციის დეპარტამენტის ამ უჩვეულო გადაწყვეტილების შესახებ ჩვენებების მიცემის და დეპარტამენტისთვის კითხვების დასმის საშუალება მისცეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ ფლინის საქმე სასამართლომ თავიდან გახსნას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ფლინმა თავი დამნაშავედ სცნო გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ტყუილის თქმის ბრალდებაში. მან ბიუროს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა ტრამპის ადმინისტრაციის გარდამავალ პერიოდში რუსეთის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით. გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ტყუილის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG