ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ცვლილებები საჭირო იყო მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის და უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისთვის.

პრემიერის თქმით, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. იგეგმება სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. ის უშუალოდ პრემიერს დაექვემდებარება. შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ამავდროულად იქნება ვიცე-პრემიერი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს მიხეილ გიორგაძე;

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ უწყებას უხელმძღვანელებს ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს;

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორია.

დაგეგმილი ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

“ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სამთავრობო გუნდს პარლამენტმა ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG