ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია მიმდინარეობს


„ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენცია წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება და ის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

"100 წლის წინ საქართველომ სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გზა დასავლეთს. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი.” განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ამაყობს რომ არის ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი ქვეყანა.

„დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ-ი. ერთად ჩვენ შევქმენით ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „სტრატეგიული პარტნიორობა“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”, განაცხადა კვირიკაშილმა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებთან და ექსპერტებთან ერთად საქართველოს უსაფრთხოებაზე, თანამშრომლობაზე და რეგიონულ ვაჭრობაზე ისაუბრებენ.

მეორე ყოველწლიურ კონფერენციას „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტი“ და „ჰერიტიჯის“ ფონდი მასპინძლობს. კონფერენციაზე დღეს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოდიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG