ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფლების ქანდაკების იუბილე


თავისუფლების ქანდაკების იუბილე

თავისუფლების ქანდაკება 93 მეტრია სიმაღლეში და უღრუბლო ცის პირობებში მისი დანახვა რამდენიმე კილომეტრის მანძილიდანაა შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ ქანდაკება 125 წლის გახდა. მისი დამონტაჟების დღიდან მოყოლებული ბევრი რამ შეიცვალა. კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმაც იქონია მასზე გავლენა და დღეს თავისუფლების ქანდაკებაზე ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით, 24 საათის განმავლობაში მსურველს ნიუ იორკის ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს.

ზარბაზნების სიმბოლური გასროლა და ნიუ იორკის ნავსადგურში სახანძრო გემების მიერ ცაში ატყორცნილი წყლის ჭავლი მნახველებისთვის არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნიდა. თავისუფლების ქანდაკების საიუბილეო წლისთავის აღსანიშნად, ნიუ იორკში ამერიკის საშინაო საქმეების დეპარტამენტის მდივანი კენ სალაზარი ჩავიდა. სიტყვით გამოსვლისას, მან 1886 წელს ამერიკის პრეზიდენტი გროვერ კლივლენდის ციტატა მოიყვანა:

„თავისუფლებამ ამ კუნძულზე თავშესაფარი იპოვა. ჩვენ მას გავუფრთხილდებით, მას ვიზეიმებთ. ჩვენ, ამერიკაში მცხოვრები თითოეული ადამიანი თავისუფლებას დავხვეწავთ, როგორც ჩვენი სიტყვებით ასევე ჩვენი საქმიანობით.“

სალაზარმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც ამერიკელი ისე ფრანგი ხალხი თავისუფლების დასამყარებლად და გასაუმჯობესებლად გვერდიგვერდ იღწვის. მოგეხსენებათ, თავისუფლების ქანდაკება ამერიკას საფრანგეთის მთავრობამ აჩუქა. ფრანგმა მოქანდაკე ფრედერიკ ბართოლდიმ საკუთარ ქმნილებას „მსოფლიოზე თავისუფლების სინათლის მოფენა“ უწოდა. ქანდაკების დამონტაჟების დროს მან თქვა, რომ თავისუფლების ქანდაკება დადებით ემოციებს მისი ფიზიკური ზომის გამო კი არ უნდა იწვევდეს, არამედ იმ იდეის სიდიადის გამო, რომელსაც ეს ქანდაკება ახორციელებს.

ასობით სტუმართან ერთად, თავისუფლების ქანდაკების იუბილეს მარიანა ჩელკოვაც ესწრებოდა. ის საფრანგეთში ბართოლდის მშობლიური ქალაქი კოლმარის მერის მოადგილეა. ჩელკოვას თქმით, როგორც ემიგრანტს, მას თავისუფლების ქანდაკება ძალას და ხალისს მატებს:

„მე მოსკოვში დავიბადე. საბჭოთა კავშირშიცხოვრების წლებში ეს ქანდაკება ჩემთვის თავისუფლების სიმბოლო იყო. ჩემი აზრით, მას მსოფლიოში ყველა ასე აღიქვამს.“

თავისუფლების ქანდაკების 125-ე წლისთავზე 46 ქვეყნის წარმომადგენელმა 125-მა ემიგრანტმა ამერიკის მოქალაქეობა თავისუფელბის კუნძულზე მიიღო, სადაც ქანდაკება დგას. ისინი მილიონობით ამერიკელს შეუერთდნენ, რომელთა წინაპრებიც სწორედ ამ ნავსადგურიდნ შევიდნენ ამერიკაში და თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები გახდენ.

საიუბილეო ცერემონიალის შემდეგ, დამთვალიერებლისთვის თავისუფლების ქანდაკება ერთი წლით დაიკეტება. მასზე 27 მილიონი დოლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. მათ შორის დამონტაჟდება ლიფტი, რომელიც უნარშეზღუდულ ადამიანებს, ქანდაკების გვირგვინში შესვლის და იქედან გადმოხედვის საშუალებას მისცემს.

XS
SM
MD
LG