ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ზელენსკის 30 აგვისტოს შეხვდება


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი ვაშინგტონს მომდევნო თვის მიწურულს ეწვევა. 30 აგვისტოს, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში უმასპინძლებს.

თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ საკი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

„პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელოდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდომირ ზელენსკის თეთრ სახლში, 2021 წლის 30 აგვისტოს. ვიზიტი იქნება აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დასტური, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მაშინ, როცა დონბასსა და ყირიმში, რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე დგას“ - ნათქვამია საკის განცხადებაში.

საკი განცხადებაში ასევე საუბრობს ენერგოუსაფრთხოების მიმართულობით თანამშრომლობასა და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაში დახმარებაზე. განცხადებაში ასევე საუბარია „საერთო დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე, დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმების იმპლემენტაციაში“ დახმარებაზე.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ზელენსკი ვაშინგტონში 7 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრისას მოიწვია. სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ "ტვიტერზე" წერდა, რომ ის ვიზიტს და ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებას" ელის.

მაშინ, ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბარი, ევროპაში პრეზიდენტ ბაიდენის პირველ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. 16 ივნისს კი ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ჟენევაში შეხვდა. ამის გამო, კიევში უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს.

ნატოს სამიტის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესდა, რას ფიქრობდა ჯო ბაიდენი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე.

„როცა ნატოზე და „მაპზე“ ვსაუბრობთ, მინდა, რომ (ბაიდენისგან) მივიღო კონკრეტიკა: კი თუ არა“,- თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როცა ამერიკის პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისთვის ემზადებოდა.

პასუხად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა კრიტერიუმებს. ფაქტია, რომ მათ კვლავ მოუწევთ კორუფციასთან ბრძოლა. და ასევე ფაქტია, ის, რომ უნდა მოხდეს საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რათა მიიღონ სამოქმედო გეგმა,“-ამბობს ჯო ბაიდენი. აქვე ბაიდენი ამბობს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ალიანსში შემავალი სხვა ქვეყნების პოზიციაზეც იქნება დამოკიდებული“ - განაცხადა გასულ თვეს, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG