ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფერადკანიან ამერიკელებს გააქტიურებას სთხოვენ


უფლებადამცველები ფერადკანიან ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებზე მეტი აქტიურობისკენ და კენჭისყრაში აუცილებელი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით უმცირესობათა მიერ დროთა განმავლობაში დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული გამარჯვებები შექცევადია და ძალიან იოლად შეიძლება შტატის კანონმდებლობით ჩანაცვლდეს.

ურბანული ლიგის პრეზიდენტმა მარკ მორიალმა აღნიშნა, რომ თუკი ფერადკანიანმა ამერიკელებმა სისტემატურად არ ადევნეს თვალი სკოლის, განათლების, სამუშაო ადგილების და ეკონომიკის კანონმდებლობის შექმნას, მათ გადაწყვეტილების მიღებაში ხმა თანდათან ეკარგებათ. ბატონმა მორიალმა ქალაქ ვაშინგტონში ორგანიზაციის სპეციალური ანგარიში წარადგინა, სახელწოდებით „შავკანიანთა მდგომარეობა ამერიკაში“.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაცია უფლებადამცველთა მთელ გუნდს შეუერთდა, რომელიც 34 შტატში შემოღებული კენჭისყრის ახალ წესს აკრიტიკებს. მარკ მორიალის თქმით ხმის მიცემის ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში სულ ცოტა 5 მილიონი ადამიანის საარჩევნო აქტიურობას შეზღუდავს.

შტატების უმრავლესობაში მიღებული კენჭისყრის ახალი წესის მთავარი დანიშნულება ხმის მიცემის დროს ფალსიფიცირების და გაყალბების მინიმუმზე დაყვანაა. ზოგიერთი მათგანი საარჩევნო უბნებზე ნებადართული დოკუმენტაციის შეზღუდვას ითვალისწინებს. ნაწილი კი საარჩევნო რეგისტრაციის წესების ლიმიტირებას ახდენს. ბატონი მორიალის თქმით ახალი რეგულაციები ხმის მიცემის ეროვნული უფლების და თავისუფლების შეურაცხყოფის ტოლფასია და

ის უმცირესობების, სტუდენტების და მოხუცების პოლიტიკურ აქტიურობას მაქსიმალურად შეამცირებს.

ურბანული ლიგის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამოსავალი მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის შექმნაშია:

„წინააღმდეგობა კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებების დამცველი ახალი კანონის მიღებით უნდა გავუწიოთ. ეს ყოველივე ამერიკულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და დემოკრატიის პრინციპებს უპირისპირდება. გამოდის, რომ 21-ე საუკუნეში ხმის მიცემის მსურველს ბიულეტენისკენ და საარჩევნო ყუთისკენ გზას ვუღობავთ“ - განაცხადა მან.

ურბანულმა ლიგამ მასშტაბური კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანი ფერადკანიან ამერიკელთა მეტად გააქტიურებაა. კენჭისყრაზე რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მიზიდვისთვის ლიგამ სპეციალური ვებ-გვერდიც შექმნა, რომელშიც მონაწილეობის მსურველებს აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვებაში ეხმარებიან.

2008 წელს პრეზიდენტი ბარაკ ობამას არჩევაში ფერადკანიან ამერიკელთა მხოლოდ 65-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. პროცენტულად ამომრჩეველთა აქტიურობა თითქმის იგივე იყო, რაც თეთრკანიან ამერიკელებს შორის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფერადკანიანების რაოდენობა შეერთებულ შტატებში ოდნავ აღემატება 12 პროცენტს, სიტუაციას თანაბრად ვერ ჩავთვლით.

ურბანული ლიგა განათლების სისტემის დაფინანსების შეზღუდვის წინააღმდეგაც იბრძვის და თვლის, რომ ბიუჯეტის შემცირება უარყოფითად ყველაზე მეტად სწორედ ურბანულ დასახლებებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ფენაზე იმოქმედებს. ლიგა ასევე ხელს უწყობს ფერადკანიან ამერიკელთა შორის უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით ისინი გააგრძელებენ ბრძოლას იმისათვის, რომ მთავრობამ უმუშევართა პროფესიული გადამზადების მიზნით თრეინინგების დამატებითი პროგრამები შექმნას.

XS
SM
MD
LG