აშშ დეპარტამენტის ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს და აფასებს საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მართლმსაჯულების ხარვეზებს, ხელისუფლების დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ, სასამართლოს შერჩევით დამოკიდებულებებს ზოგიერთი საქმისადმი, გაჭიანურებულ გამოძიებას, ძალადობის შემთხვევებს, ქალების, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უცირესობის მიმართ დამოკიდებულებებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ არასაკმარის ძალისხმევას, მედიაზე ზეწოლის შემთხვევებს და რა თქმა უნდა, გადაადგილების უფლების შეზღუდვას საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც ცხინვალის ციხეში მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვეობით სრულდება.
ამერიკის ხმამ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასება პარლამენტარს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს ლევან ბერძენიშვილს სთხოვა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ უნდა გვესმოდეს მემკვიდრეობითობა. არ შეიძლება ახლანდელმა ხელისუფლებამ თქვას, რომ 2012 წლამდე ცუდად იყო საქმე და ახლა კარგადაა. იმიტომ რომ სწორედ, 2012 წლამდე რაც ხდებოდა, სწორემ იქიდან დასკვნების გამოტანაზეა საუბარი და ცვლილებებზე. სახელმწიფო დეპარტამეტის ანგარიშში პოზიტიურ ცლილებებს შორისაა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი დაწესებულების გახსნა, პატიმრებისთვის ჯანდაცვისა და სხვა სერვისების გაუმჯობესებაც დადებითადაა შეფასებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია და ეს, რა თქმა უნდა, აღნიშნულია. ამდენი პოზიტივის გარდა, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვნად და სერიოზულადაა შენიშვნები წარმოდგენილი. უპირველესად ყოვლისა, პრესის თავისულების შესახებ შენიშვნები მიმაჩნია მნიშვნელოვნად. მოყვანილია სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული ხარვეზები, რასაც თავის დროზე ჩვენც არ ვეთანხმებოდით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში ვიყავით. მოსამართლემ ისეთი რამ ჩაიდინა, რომლის შემდგომ სრულიად გასაგები გახდა სახელმწიფოს არასწორი დაინტერესება ამ საკითხებით. ამის შემდგომ ჩაერია საკონსტიტუციო სასამართლო და შედარებით, გამოსწორდა სიტუაცია, შემცირდა ტემპები. ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა რუსთავი 2–ის შინაარსის ცვლილებების მოთხოვნები. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი კი გამოსწორდა, მაგრამ, სიტუაცია, ბუნებრივია აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ მხრივ საკმაოდ მკაცრია და სიტყვა სიტყვით იმეორებს იმ ბრალდებებს, რასაც ოპოზიცია უყენებს ხელისუფლებას. ხანდახან, ზოგიერთ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, დეპარტამენტი ვერ ითვალისწინებს რეალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ, შეცდომები, რომელიც სასამართლო სისტემაში იყო დაშვებული მიაჩნია უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ის, რაც მერე გაკეთდა გამოსწორების მიმართულებით. ამავე დროს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს საქმე არასდროს არ უნდა იყოს განხილული, ანუ, ვის მფლობელობაში უნდა იყოს რუსთავი 2, ეს, ამ დასკვნის მიხედვით, თითქოს არაა მნიშვნელოვანი. ანუ თუ დაირღვა ვინმეს უფლებები, ეს, ამ დასკვნის მიხედვით, თითქოს არ უნდა გამოვიძიოთ, რაც, მაინცდამაინც არაა გონივრული და არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე გავითვალისწინოთ შენიშვნები. მაგრამ მიუხედავად, ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის, რომ დღეს საქართველოში მედია მეტ– ნაკლებად თავისუფალია, ეს არის ფაქტი. ყველა შემთხვევასახელმწიფოს მხრიდან მედიაზე ზეწოლის მცდელობისა, უნდა იყოს აღკვეთილი. მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის აშკარა მიკერძოება წინა ხელისუფლების მიმართ და ამას ვერავინ ვერ დამალავს.ეს შეიძლება, არის დღევანდელი ხელისუფლების შეცდომა, რომელიც ვერ ახერხებს ამის ახსნას, მაგრამ ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეცდომებზე მე უკვე მოგახსენეთ, მე მაინც მეჩვენება, რომ ეს ნაწილი ყველაზე ობიექტურად არ აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას გააზრებული. მეტისმეტად მაღალია ნდობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მთელი სისტემები ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული წლების განმავლობაში.“
ამერიკის ხმასთან საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, რომ აშშ დეპარტამენტის ანგარიშის ის ნაწილი, სადაც მმართველობის ზედა ეშელონების კორუფციულობაზეა საუბარი ემთხვევა მისი ორგანიზაციის შეფასებებს, რაც წლების განმავლობაში ქვეყნდება. „ანგარიშში აქცენტი მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაზე და შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიებაზეა და ჩვენც ამას ვამბობთ, რომ დღეს არსებული სისტემით, არ არსებობს ეფექტური, ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დარღვევების გამოძიება, კორუფციის კუთხით. ესაა ინსტიტუციური მოწყობის ხარვეზი, ანუ ის, რომ არ არის ეფექტიანი ანტიკორუფლიული ინსტიტუტი, როგორც ასეთი, დამოუკიდებელი ორგანო საქართველოში. დღეის მდგომარეობით არსებულ სამართალდამცავ სტუქტურებს შორისაა გადანაწილებული ეს ვალდებულება, თუმცა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაბალი და ამიტომ საქმეების ეფექტურად გამოძიება მათ არ შეუძლიათ იმ შემთხვევაში,როდესც მაღალი თანამდებობის პირებს ეხებათ საქმე“,– ამბობს ერეკლე ურუშაძე.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში.