ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება


სირიაში მარტში დაწყებული დემოკრატიული მოძრაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ყველაფერი კი დაიწყო სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ დარააში, სადაც მოსწავლეთა ჯგუფი დააკავეს, დააპატიმრეს და სასტიკად ცემეს იმის გამო, რომ ბავშვებმა სკოლის კედელზე რეჟიმის წინააღმდეგ წარწერა დახატეს.

ბავშვების მშობლებმა და სხვა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად მსვლელობა მოაწყვეს და მოსწავლეთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი აგრეთვე კორუმპირებული ოფიციალური პირების გათავისუფლებისა და უფრო მეტი პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ. უსაფრთხოების ძალების მხრიდან სასტიკი რეაქციის გამო მალე არეულობა მთელ ქვეყანას მოედო. ქუჩებში გამოსული ათასობით დემონსტრანტი თავისუფლებასა და ავტორიტარული მართვის შეწყვეტას ითხოვს.

შედეგად სირიის „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი მოვლენები განვითარდა, რასაც მთავრობის მხრიდან საშინელი რეპრესიები მოჰყვა, რომელსაც უკვე ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო დაახლოებით ათი ათასი აქტივისტი პატიმრობაში იმყოფება.

დარაას მკვიდრი ცამეტი წლის მოზარდის წამება და სიკვდილით დასჯა, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში დააკავა და ერთი თვის შემდეგ ოჯახს მისი დასახიჩრებული გვამი გადასცა, ახლა სირიის მთავრობის სისასტიკის სიმბოლო გახდა. მოზარდის სიკვდილმა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ სირიელები განარისხა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიელებისთვის დარაას მკვიდრი მოზარდის სიკვდილის მნიშვნელობასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა:

„ბევრი სირიელისთვის ეს სიკვდილი იმის სიმბოლო გახდა, რომ სირიის მთავრობას საკუთარი ხალხის მოსმენა და მასთან თანამშრომლობა აღარ ძალუძს...პრეზიდენტ ასადს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს და იგი ამ არჩევანს ყოველ დღეს აკეთებს. მას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა არ შეუჩერებია და რეფორმების გატარება არც აქვს სერიოზულად განზრახული.“

სახელმწიფო მდივანმა დარააში მოკლული მოზარდი დაასახელა.

„ჰამზა ალი ალ-ხათიბი. იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვი ტყუილად არ დაიღუპა და რომ სირიის მთავრობა სისასტიკეს ბოლოს მოუღებს და ნამდვილ დემოკრატიაზე გადასვლას დაიწყებს,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

პრეზიდენტმა ასადმა ახლახან სირიაში პოლიტიკური პატიმრების ამნისტია გამოაცხადა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ასობით პატიმარი გაათავისუფლეს. თუმცა ათასობით პირი კვლავინდებურად პატიმრობაში იმყოფება და მთავრობის მომხრე სამხედრო ძალები სირიის ქალაქებს ჭურვებს უშენენ, რასაც სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ, ბავშვების ჩათვლით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი აღნიშნავს, რომ სირიის მთავრობამ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. ტონერის განცხადებით, „სირიელი სამხედრო ძალების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას ბოლო უნდა მოეღოს“ და სირიის მთავრობამ „რეფორმების ჩატარებისკენ აზრიანი ნაბიჯები უნდა გადადგას.“

XS
SM
MD
LG