ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს


სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს წარუდგენს. "მთავრობებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ, რომ თავად მთავრობა არაკანონიერად არ ჩაერევა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებში", - ამბობს ანგარიშის შესავალში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

საქართველოზე საუბრისას, ანგარიში გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. შეფასება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეფუძნება და იმეორებს, რომ არჩვენების დროს გამოიკვეთა „არათანაბარი სათამაშო ველი, ამომრჩევლის დაშინების და შურისძიების შიშის“ შემთხვევები.

მთავარ საკითხებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი შემდეგ თემებს აღნიშნავს:

"ადამიანის უფლებების პრობლემები მოიცავდა უსაფრთხოების სამსახურების მიმართ უსამართლო მკვლელობის ბრალდებას; ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რუსეთის და დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას და სიცოცხლის მოსპობას; პირად ცხოვრებაში არაკანონიერ ჩარევას; მაღალი თანამდებობის პირების მიმართ კორუფციის ბრალდებებს; და დანაშაულს, მათ შორის ძალადობასა და მუქარას" სექსუალური უმცირესობების მიმართ , - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩის საქმეებს. „იყო ბრალდება, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა გაუმართლებელი მკვლელობა ჩაიდინეს“, - ნათქვამია ანგარიშში, "არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემდგომი გამოძიების პროცესი გააკრიტიკეს როგორც არასამართლიანი". ხოლო ხორავას ქუჩის მოვლენებზე სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „სამოქალაქო საზოგადოებამ გამოძიების მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა“.

ანგარიში საუბრობს თვალთვალის, უკანონო ჩანაწერების და პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებზე. "იყო ცნობები სუსი-ს წარმომადგენლების პასუხისგებაში არ მიცემაზე, როცა საქმე სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ თვალთვალს და ჩარევას ეხება“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობს, რომ სამართალდამცავებზე პოლიტიკური გავლენა ხელს უწყობს მაღალი დონის კორუფციას. ანგარიშში ნახსენებია გასულ წელს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები და მათში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გაჟღერებული კორუფციის ბრალდებები.

"მას შემდეგ რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება მაღალი დონის კორუფციის ნიშნების და არაფორმალური კლანური მმმართველობის გარშემო, მთავრობის წამყვანმა წევრებმა ამ ჯგუფებზე და მათ ლიდერებზე სიტყვიერი იერიში მიიტანეს", - ამბობს ანგარიში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს „ანგარიშვალდებულების“ და „გამოძიების ნაკლებობას“ 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, „საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანისთვის გადაცემის“ საქმეზე.

„გარკვეულ პოლიტიკურად მგრძნობიერე საქმეებზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს - მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე და პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებში - დაუსჯელობა პრობლემად რჩება“, - ამბობს ის.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და ოკუპირებული რეჟიმების მიერ ოკუპაციის ხაზზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევაზე და მკლელობის შემთხვევებზე. მათ შორის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებზე.

მედია გარემო

ანგარიში მედია გარემოს და გამოხატვის თავისუფლების შეფასებასაც მოიცავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მედიაზე მთავრობის გავლენის ზრდის გარშემო შეშფოთებას გამოთქვამენ.

"ზოგიერთი მედია, მონიტორინგის ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამოხატავენ შეშფოთებას მედია პლურალიზმისა და მედიაზე პოლიტიკური გავლენების გარშემო, განსაკუთრებით მთავრობისადმი კრიტიკული მედიების მიმართ. ზოგიერთი მედიის შემთხვევაში, შეშფოთებას იწვევს მთავრობის ჩარევა და ამ მედიის ოპოზიციური განწყობების კრიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის ყველაზე ყურებად ტელევიზიას "რუსთავი 2"-ს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია 2017 წელს "მაესტროს", "ჯი-დი-ეს-ის" და "იმედის" შერწყმის შესახებ და ნათქვამია, რომ ამით მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი მედია საშუალებების კონტენტრაცია გაიზარდა.

„ტელეკომპანია "იბერიის" დახურვამ და 2017 წელს, სამი ტელევიზიის შერწყმამ ("მაესტროს", "ჯი-დი-ეს-ის" და "იმედის" გაერთიანება) მედია მრავალფეროვნება შეზღუდა და გაზარდა მმართველი პარტიის მომხრე მედია საშუალებების კონცენტრაცია“, - წერია ანგარიში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს და აღნიშნა, რომ „არასამთვრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დირექტორთა სიახლოვე მმართველ პარტიასთან“. ანგარიში ამბობს, რომ მედია მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციებმა გამოჰყვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც "მიკერძოებულია მმართველი პარტიის მიმართ“.

სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2018 წლის ანგარიში რიგით 43-ეა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ადგენს აშშ-ს საელჩოების და საკონსულოების, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების, არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, იურისტების, ჟურნალისტების, აკადემიკოსების, მშრომელთა უფლებების დამცველების და გამოქვეყნებული ანგარიშების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG