ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სრებრენიცაში მასობრივი ჟლეტის მსხვერპლი გაიხსენეს


15 წლის წინ სრებრენიცაში 8000 მუსლიმი მამაკაცის მოკვლასთან დაკავშირებთ გაეროს სამშვიდობო ჯარების მეთაურების წინააღმდეგ დანიის სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა.

გუშინ ათობით ათასი ადამიანი ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში შეიკრიბა ევროპის ყველაზე საშინელი მასობრივი ჟლეტის 15 წლისთავის აღსანიშნად. ისინი, ვინც სერბების მიერ ჟლეტას გადაურჩა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მკაცრად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ორგანიზაციამ 8000 მუსლიმის განადგურების თავიდან აცილება ვერ შეძლო.

ზაფხულის ცხელი მზის ქვეშ, ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით ადამიანი დაესწრო დაკრძალვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ცერემონიალს.

ქალაქის ერთ-ერთი ფერდობზე 775 საფლავი იყო ამოთხრილი და თითოეულ ორმოსთან მწვანე ქსოვილით გადაფარებული საკაცე იდო. ეს იმ ადამიანების ნეშთები იყო, რომელთა ამოცნობაც ახლახან დასრულდა. სრებრენიცაში მოკლულ ადამიანებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 14 წლის ორი ბიჭი იყო.

1995 წლის 11 ივლისს, იუგოსლავიის ომის დროს, ბოსნიელმა სერბმა გენერალმა რატკო მლადიჩმა ქალაქი სრებრენიცა აიღო და მისი მეთაურობით სერბულმა დაჯგუფებებმა ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 8000 მამაკაცი მოკლეს.

იუგოსლავიის ომის დამთავრების შემდეგ ჩატარებული გამოძიების თანახმად გაეროს სამშვიდობო ჯარი, რომელსაც სრებრენიცას დაცვა ევალებოდა, ქალაქიდან გავიდა და მისი მოსახლეობა დაუცველი დატოვა. ისინი, ვინც ჟლეტას გადაურჩა უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მლადიჩი ჯერ ისევ იძებნება. ამსთან ერთად, ისინი გაეროსაც აკრიტიკებენ რადგან, სამშვიდობო ძალებმა დანიშნულება ვერ შეასრულეს და უდანაშაულო ხალხი ვერ დაიცვეს.

მოკლული ორი ადამიანის ნათესავმა დანიის პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს, რომელშიც დანიის გაეროს ბატალიონის მეთაურების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების აღძვრას ითხოვენ. სრებრენიცაში ჟლეტის დროს სწორედ გაეროს დანიური ბატალიონი იყო დისლოცირებული.

სარჩელი ბატალიონის მეთაურებს ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში სდებს ბრალს. იურისტი ლიზბეტ ზეგველდის თქმით:

„საკამარისი სამხილი არსებობს ომის დანაშაულებისა და გენოციდის დასამტკიცებლად. დანიის ბატალიონის მეთაურებმა 1995 წლის 13 ივლისს მოგვიანებით მოკლული მამაკაცების ნაწილი გაეროს მიერ დაცული ტერიტორიიდან გაყარეს, რითაც მათ უსაფრთხო ადგილიდან გასვლა აიძულეს. ეს ყველაფერი დანიელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაკეთებული განცხადებებით მტკიცდება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ მუსლიმი მამაკაცების ბედი აწუხებდათ. ნაწილი მათგანი მასობრივ სიკვდილით დასჯასაც კი არ გამორიცხავდა. მათ იცოდნენ, რომ ის მამაკაცები, რომლებიც გაეროს შტაბბინიდან გააძევეს სრულიად დაუცველები იქნებოდნენ.“

დანიელი ჯარისკაცების განცხადებით, სერბი მებრძოლები მათ რაოდენობრივად აღემატებოდნენ, რამაც გაეროს ძალებს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ მისცა.

კვირას გამართულ ცერემონიალს ყოფილი იუგოსლავიის წევრი ქვეყნების ყველა პრეზიდენტი დაესწრო, მათ შორის სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩიც იყო. მის დანახვაზე შეკრებილი ხალხის ნაწილი ბრავო ბორისს იძახდა, ნაწილი კი მას იმას ეკითხებოდა თუ სად არის მლადიჩი.

დაკრძალვის ცერემონიალს გაეროს არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.

XS
SM
MD
LG