ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიელთა ნაწილი სეპარატიზმს აპროტესტებს


კვირას, ბარსელონაში, კატალონიის იმ მოქალაქეთა დემონსტრაცია გაიმართა, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის სეპარატიზმს აპროტესტებენ. პოლიციის ცნობით, დემონსტრაციას 350 ათასი ადამიანი დაესწრო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ქუჩაში გამოსულთა რიცხვი 900 ათასს აღწევდა.

გასულ კვირას კატალონიაში გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90 პროცენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, მაგრამ რეფერენდუმში მოსახლეობის ნახევარსაც არ მიუცია ხმა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, უფრო მეტი კატალონიელი ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა. კვირის დემონსტრაციის ლოზუნგი იყო: "კმარა! მოვუხმოთ გონებას!" დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "დიდება ესპანეთს!"

კატალონიის ხელისუფლება ესპანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებს ითხოვს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ამბობს, რომ თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და რეგიონის ავტონომიას გააუქმებს.

გაზეთ "ელ პაისთან" ინტერვიუში რახოიმ თქვა, რომ არ გამორიცხავს არაფერს, რაც კანონის ფარგლებში ჯდება. მას სურს, დამოუკიდებლობის თემა უსწრაფესად მოიხსნას დღის წესრიგიდან.

შაბათს ბარსელონაში, მადრიდსა და ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში დემონსტრაციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დიალოგის დაუყოვნებელ დაწყებას ითხოვდნენ.

სეპარატისტულ მოძრაობას ესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ ძალა დაუპირისპირა. კატალონიის ხელისუფლება ამბობს, რომ ძალადობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG