ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 10 წელი შეუსრულდა


საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 10 წელი შეუსრულდა
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 10 წელი შეუსრულდა

ნოემბერში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 10 წელი შეუსრულდა. შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტოს ცნობით საერთაშორისო კოსმოსური სადგური კიდევ 10 წელს იმოქმედებეს.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სიუზან პრესტო ვაშინგტონიდან იუწყება, ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეშვეობით კოსმოსურ სივრცეში უკვე ათწლეულის მანძილზე ცხოვრობენ.

ნოემბერის დასაწყისში შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრატორმა ჩარლზ ბოლდენმა, თავად ყოფილმა ასტრონავტმა დადებითად მოიხსენია კოსმოსურ სადგურზე ამჟამად მცხოვრები ექვსწევრიანი ეკიპაჟი.

„ჩვენ ნამდვილად არ გვეგონა, რომ მივაღწევდით იმას რასაც მივაღწიეთ,“ განაცხადა ბოლდენმა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწიდან 400 კილომეტრით არის დაშორებული. კოსმოსურ სივრცეში ბრუნავმა ლაბორატორიამ დედამიწის ორბიტაზე უკვე 2.4 მილიონი კილომეტრი დაფარა. სადგურზე მცხოვრებმა ასტრონავტებმა 600-ზე მეტი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაატარეს. დედამიწის ორბიტაზე 2000 წლის ნოემბერში გასვლიდან მოყოლებული სადგურს 15 ქვეყნის დაახლოებით 200 ასტრონავტი ესტუმრა.

თუმცა ათწლეულის გასვლის მიუხედავად სადგურის მშენებლობა კვლავინდებურად გრძელდება.

მალე მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი „დისკავერი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეერთებული შტატების ბოლო მოდულს შეჰმატებს. მოდულის დამონტაჟების შემდეგ კი სადგურის საცხოვრებელი სივრცე 340 კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

როცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2 ნოემბერს 10 წელი შეუსრულდა, სადგურზე ამერიკელი ასტრონავტები შენონ ვოლკერი და დაგ ვილოკი ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ 10 წლის მანძილზე სადგურს უწყვეტად ასტრონავტები იკავებდნენ. გასულ თვეს ისინი სადგურიდან ამერიკის ხმას გაესაუბრნენ.

ვოლკერმა აღნიშნა, რომ მას და მის კოლეგას უხარიათ, რომ სადგურის შეერთებული შტატების ნაწილი თითქმის დასრულებულია.

„რაც შეეხება ლაბორატორიისთვის განკუთვნილ სივრცეს, სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამდენად, როცა ბოლო საცობი დამონტაჟდება, ჩვენ ტვირთს მოვათავსებთ და სამეცნიერო ექსპერიმენტებს შევუდგებით, რაც კოსმოსური სადგურის ფუნქციონირების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს,“ აღნიშნა შენონ ვოლკერმა.

შემდეგი ათწლეულისთვის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომზადების პარალელურად აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების ფლოტის ჩამოწერას აპირებს.

შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორი ბოლდენი აღნიშნავს, რომ კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ექსპერიმენტების გამო ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა და ნივთიერებების გადამუშავების სისტემები მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა. ამას გარდა სადგურის მეოხებით მეცნიერებმა კოსმოსურ სივრცეზე უფრო ბევრი რამ ისწავლეს. სადგურზე მუშაობა მომავალში ასტრონავტების მარსზე გაგზავნას შეუწყობს ხელს, აღნიშნავს ბოლდენი.

შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს დაფინანსების კანონმდებლობა, რომელსაც გასულ თვეს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა, ამერიკის მთავრობის ვალდებულებას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართ 2020 წლამდე გააგრძელებს. ამას გარდა, აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრატორმა ბოლდენმა დასძინა, რომ მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება რომლის თანახმადაც, კოსმოსური სადგურის შემდგომი ფუნქციონირების მიმართ საკუთარი ვალდებულებები ხუთმა საერთაშორისო სააგენტომ დააფიქსირა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობა მის დასახელებას სრულად ამართლებს. სადგური წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევის შედეგს, რომელშიც მოანაწილეობენ შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კოსმოსური სააგენტო, კანადის კოსმოსური სააგენტო, იაპონიის აეროკოსმოსური აღმოჩენების სააგენტო და ევროპული კოსმოსური სააგენტოს 11 წევრი-სახელმწიფო, ბელგიის, ბრიტანეთის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG