სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი მუნ ჯეინი პეკინში დელეგეციის გაგზავნას აპირებს. ოფიციალური განცხადების თანახმად, საჭიროა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისა და ჩინეთისთვის პრობლემური საკითხების განხილვა. საუბრის თემებს შორის იქნება სამხრეთ კორეაში განთავსებული ამერიკული, ანტისარაკეტო სისტემის საკითხიც.
ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ტელეფონით ამ უკანასკნელის მიერ ფიცის დადებიდან მეორე დღეს ისაუბრეს. მუნის პრესსპიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტებს „საერთო მიზანი“ აქვთ - კორეის ნახევარკუნძულის ატომური იარარისგან გათავისუფლება და რომ მუნს ესმის ჩინეთის შეშფოთება სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკის ანტიბალისტიკური სისტემის არსებობის შესახებ.
სამხრეთ კორეა ამერიკასთან ერთად ამ სისტემის, როგორც თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებაზე დიდხანს მუშაობდა. მისი ამოქმედება კი იმ შემთხვევისთვის იგეგმება, თუკი ჩრდილო კორეა ბირთვულ თავდასხმას განახორციელებს. სისტემის ერთი ნაწილი უკვე ოპერაციულ მზადყოფნაშია, სრულად კი ის წლის ბოლოსთვის უნდა ამუშავდეს.
თუმცა ჩინეთი ამ სისტემას რეგიონისთვის უსაფრთხოდ არ მიიჩნევს და ამის გამო სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ტურიზმისა და იმპორტის მიმართულებით სანქციები დაწესდა.
მუნმა ინაუგურაციისას თქვა, რომ ის მზადაა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა მიმართოს დაძაბულობის განსამუხტად.
„თუ საჭირო იქნება, მე პირდაპირ ვაშინგტონში გავფრინდები. ჩავალ პეკინსა და ტოკიოშიც. და თუკი მდგომარეობა მოითხოვს, ფხენიანშიც ჩავალ იმისთვის რომ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს“, - ამბობს მუნი და განმარტავს, რომ მას ჩრდილო კორეასთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გაძლიერება სურს, თუმცა ამავე დროს ზეწოლისა და სანქციების შენარჩუნებიაც ემხრობა.
Facebook Forum