ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში, "Rokwood music hall"-ში ახალი, მესამე ალბომის პრეზენტაცია გამართა ქართველმა მომღერალმა სოფი ვილიმ, რომელმაც მუსიკალური მოღვაწეობა უკრაინაში დაიწყო. ალბომის პრემიერას , რომელსაც "Planet A" ჰქვია ქართველი იმიგრანტები, უკრაინელები და ამერიკელები დაესწრნენ. დაგეგმილია კიდევ ერთი კონცერტი ნიუ იორკში, რომელიც ქვინსში გაიმართება და ბოსტონში, რომელიც 24 მაისს შედგება. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

სოფი ვილი: რატომ " Planet A "რომ მეკითხებიან, აქამდე სიტყვებით ვერ გამოვხატავდი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ახლა კი ვიცი, რადგან არ არსებობს "Planet B". როცა რაღაც ან ვიღაც ძალიან გიყვარს ის არის ერთი და სხვა უკვე აღარ არსებობს.

ამერიკის ხმა : ასე რომ შეყვარებული ხარ?

სოფი ვილი: კი და სწორედ აქედან წამოვიდა ინსპირაცია. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. რომ შეუყვარდებათ და გადავარდებიან ხოლმე გრძნობებში და საქმე აღარ ახსოვთ, ასე არ ვარ, ჩემთან პირიქით ხდება.

მუსიკალურ კარიერაში, რიგით მესამე ალბომი მის ცხოვრებაში დაწყებულ სიყვარულის ისტორიასთან ერთად შეიქმნა. სულ 11 სიმღერა შევიდა, მათ შორის მუსიკოს ნიკა მაჩაიძესთან თანამშრომლობით ჩაწერილი სიმღერა "Swim On" , რომელზეც კლიპი გადაიღო.

ამერიკაში პირველად 2012 წელს ჩამოვიდა, წარმატებებიც სწორედ აქედან იწყება. მისი სიმღერები, რომლის კომპოზიტორი და ტექსტის ავტორიც თავად არის, კალიფორნიის რადიოსადგურ KCRW-ის ეთერში უკვე წლებია ტრიალებს. კომპანია "BMI" მისი სიმღერების იურიდიულ რეგულაციას ახდენს და როგორც ავტორი და შემსრულებელი ყოველთვიურად რადიოში ან სხვა მედიაში გამოყენებული მისი სიმღერების შესახებ მონაცემებს და შემოსავალს ღებულობს. სიმღერა CONNECTED ჟურნალ GUARDIAN-ის პერსპექტიული ჰიტების ექვსეულში მოხვდა. სოფი მუდმივად ღებულობს მონაწილეობას ამერიკის სხვადასხვა როკ-ფესტივალებში. მაგალითადმ 2013 წელს ლოს-ანჯელესში ტომ ვეიტსის გიტარისტ, ომარ ტორესთან ერთად გამოვიდა სცენაზე. მას ქართველი მეუღლე ჰყავს. სოფი ვილი ფესტივალის დროს მათთან გაჩერდა სახლში. იმავე წელს, ბრულკინში გამართულ კონცერტზე კი მისი დრამერი ლანა დელ რეის დრამერი რაიან ბოომი იყო.

სოფი ვილს არ ჰყავს არც პროდუსერი და არც მენეჯერი. შეერთებულ შტატებში ამ ეტაპზე მიღწეულ წარმატებების შესახებ ამბობს, რომ ეს ყველაფერი "ნელ-ნელა დაიქოქა".

სოფი ვილი: შარშანწინ 2015 წელს, Texas -ში, "South by Southwest", ფესტივალზე ჩავედი, რომელშიც მუსიკის და კინოს სფეროს წარმომადგენლები არიან ყოველთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იქ დავუკარი. ორი მსხვილი ხმის ჩამწერი სტუდიიდან მოვიდნენ ჩემთან. A&R -თან დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება. დიდ ლეიბლზე მოხვედრა არ არის მარტივი, ბაზა გჭირდება, აქ უნდა იყო უფრო ხშირად და აუდიტორია გყავდეს. "იუთუბში" ნახვას ადევნებენ თვალს, მათი მოთხოვნაა მილიონ მეტზე ნახვა. რთული სამუშაოა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთ დღეს ლეიბლი თვითონ გადაწყვეტს ჩემთან თანამშრომლობას. შენც არ უნდა იჯდე გულხედაკრეფილი, რაღაც უნდა აკეთო და ეს არის მუსიკა, რომელსაც ვაკეთებ.

ამერიკაში გადმოსვლას და ცხოვრებას არ აპირებს. ამბობს, რომ რთულია მისთვის მეგობრების და ახლობლების გარეშე დიდ ხანს ყოფნა. ეს უკვე გამოსცადა უკრაინაში, სადაც 6 წელი იცხოვრა, თუმცა ამბობს, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით ნიუ-იორკი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია.

სოფი ვილი: ხანდახან მეტორში ვწერ ხოლმე სიმღერას, ან როდესაც ვსეირნობ. სადაც მოდის მუსიკა, მაშინვე უნდა დავწერო, თორემ მერე აღარ გაგახსენდება. დაკვრის პროცესშიც დამიწერია, ვთქვათ გიტარის რაღაცა ეფექტი შეიძლება იყოს - ან კლავიშმა ან სინთეზატორის ბგერამ დამაწერინოს, ან ქუჩაში წავიმღერო. აქ სულ მუსიკაა და სწორედ ის არის, რაც გიჩენს ნაპერწკალს. კი რუტინულია, დიდი ხანი გჭირდება გზაში, მატარებლებში გადაჯდომა- გადმოჯდომა, ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, მაგრამ გრძნობ, რომ სიცოცხლეა, რაც თბილისში ალბათ ნაკლებად იგრძნობა. მხოლოდ ზაფხულში, როცა ბევრი ტურისტი ჩამოდის ხოლმე.

სოფი ვილმა მუსიკალური განხრით განათლება მუსიკალურ ათწლედში მიიღო, სადაც ფორტეპიანოზე მხოლოდ ოთხი წელი იარა. გიტარაზე დაკვრა მამისგან ისწავლა. სოფი სპეციალობით ტურიზმის მენეჯერია და უხარია, რომ საქართველოში ელექტრონული მუსიკა ისე განვითარდა, რომ ქართველი დიჯეების მოსასმენად ევროპული ქვეყნებიდან სპეციალურად ჩადიან. თუმცა ამბობს, რომ თითქმის არ არსებობს სივრცე ცოცხალი შესრულებისთვის.

სოფი ვილი: ლაივ მუსიკისთვის შემშლელი ფაქტორები ნამდვილად არსებობს თბილისში. არ არის კლუბები. აქ არის უამრავი კლუბი თუნდაც შეკრიბო 100 კაცი. კარგი იქნება, ისეთივე აქტივობა იყოს ლაივ მუსიკის განხრით, როგორც ელექტრონული მუსიკის განხრით ხდება, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. საქართველოში ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია, რომელიც ხელს იქნევს, რადგან არ იცის სად დაუკრავს.

ამერიკის ხმა: თვითონ გახსენი, რატომ ელოდები სხვას.

სოფი ვილი: კარგია აზრია. კარგი აზრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG