ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მზის ენერგიის გამოყენება იზრდება


ამერიკაში მზის ენერგიის გამოყენება იზრდება
ამერიკაში მზის ენერგიის გამოყენება იზრდება

ამერიკელთა მზარდი რიცხვი ელექტროენერგიის მიღების მიზნით საკუთარ სახლებში მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებს აყენებს. პანელების დაყენება საკმაოდ ძვირია, რის გამოც ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა ქმნის ჯგუფებს, რომლებიც სახლების მფლობელებს მზის პანელების დაყენებას ფინანსური თვალსაზრისით უადვილებს. ვაშინგტონში ამ ინიციატივით მაუნტ პლეზანტის უბანში გამოვიდნენ, სადაც 75 ოჯახმა მაუნტ პლეზანტის მზის ენერგიის კოოპერატივი შექმნა, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი დებორა ბლოკი.

მაუნტ პლეზანტი ამერიკის დედაქალაქის ისტორიული უბანი გახლავთ, სადაც არსებული მუნიციპალური წესების თანახმად მზის პანელები ქუჩიდან არ უნდა ჩანდეს. მაუნტ პლეზანტის მზის ენერგიის კოოპერატივი შეერთებულ შტატებში ამ ბოლო ხანებში გამოკვეთილი ტენდენციის განსახიერებას წარმოადგენს, რომელიც ამერიკელ სახლის მფლობელებს შორის ეკოლოგიურად დამაზიანებელი წიაღისეული საწვავის მოხმარების ნაცვლად მზის ენერგიის გამოყენების გავრცელებას ხელს უწყობს. რობერტ რობინსონი ხსენებული კოოპერატივის წევრია. რობინსონის თქმით, ის, რომ მისი მეზობლები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მზე ენერგიის მნიშნველოვან წყაროს წარმოადგენს.

„ჩვენ უბანში ცხოვრობს ბევრი, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში მუშაობდა ადრე. მათ ახსოვთ, რომ 1970-იან წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ბაზები, საავადმყოფოები და სკოლები მზის ენერგიას იყენებდნენ,“ აღნიშნა მაუნტ პლეზანტის მზის ენერგიის კოოპერატივის წევრმა.

კოოპერატივი 2006 წელს დაარსდა, როცა მაუნტ პლეზანტის ორმა მკვიდრმა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები საკუთარი სახლების სახურავებზე დაამონტაჟა. შემდეგ მათ ამ რთულ და ძვირადღირებულ პროცესში ჩართვისკენ მეზობლებს მოუწოდეს. კოოპერატივის ერთ-ერთი დამაარსებელი ანია სკულმანი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში მზიანი დღეების რაოდენობა მზის ენერგიის გამოყენებისთვის სავსებით საკმარისია.

კოლექტიური ძალისხმევით კოოპერატივმა მზის პანელების მწარმოებელებისგან ფასდაკლებას მიაღწია. ამას გარდა, კოოპერატივის წევრებმა კარგად შეისწავლეს ის სამთავრობო პროგრამები, რომელიც პანელების დამონტაჟებასთან დაკავშირებული დანახარჯების ნაწილს ანაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პანელების დამონტაჟება საკმაოდ ძვირადღირებულია და საშუალოდ 15,000-დან 30,000-მდე დოლარის დაბანდებას მოითხოვს იმისდამიხედვით თუ რა სახის სისტემას აყენებენ ამა თუ იმ სახლში.

„საცხოვრებელ სახლებში მზის ენერგიის მომუშავე ელექტროენერგიის მწარმოებელი სისტემის დაყენება ფედერალურ გადასახადებში 30-პროცენტიანი შეღავათით იფარება. ამას კი დანახარჯების შემცირების მხრივ დიდი მნიშნველობა აქვს. ამას გარდა შტატის დონეზე სხვა მასტიმულირებელი ზომები არსებობს,“ აღნიშნა ანია სკულმანმა.

მაღალი თავდაპირველი კაპიტალ დაბანდების მიუხედავად, გრძელვადიან პერსპექტივაში მზის ენერგიის სისტემის დაყენება მომგებიანია. სკულმანი აღნიშნავს, რომ მზის ენერგიის სისტემის მქონე სახლების მფლობელთა ელექტროენერგიის მომხარებასთან დაკავშირებული ხარჯები ორი მესამედით მცირდება.

კოოპერატივის წევრი ერიკ ჰოფლანდი არქიტექტორია, რომელმაც საკუთარ სახლში ახლახან მზის ენერგიის სისტემა დააყენა. ჰოფლანდს მიაჩნია, რომ ამ ინვესტიციას იგი სამ-ხუთ წელიწადში მთლიანად აინაზღაურებს.

„როგორც არქიტექტორი მე ხალხს ვეუბნენი, რომ მე ეს სისტემა სახლში დავაყენე. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩემს მაგალითს მიჰყვებიან,“ დასძენს ჰოფლანდი.

XS
SM
MD
LG