ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული პროცესი და ამერიკული იარაღი


ევროპული პროცესი და ამერიკული იარაღი
ევროპული პროცესი და ამერიკული იარაღი

ვლადიმირ სოკორის აზრით, ჟენევის პროცესის ფორმალური გაგრძელების ფონზე, ამერიკა საქართველოს ჯარს კვლავ არაკომპეტენტურად მიიჩნევს და მისთვის იარაღის მიყიდვაზე უარს ამბობს.

თითქმის ორი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, რეალური შედეგების დანახვა მაინც ძნელია, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოს გარშემო რუსეთთან ომის შემდეგ და რას შეიძლება ველოდეთ ახლო მომავალში, ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკოსს, ბატონ ვლადიმირ სოკორს ვესაუბრეთ.

ბატონი სოკორის აზრით, დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს საქართველოს მიმართ საქართველოს ხელისუფლებისგან განხსვავებული პრიორიტეტები აქვთ. მათ საქართველოში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების ნაცვლად სტაბილურობის შენარჩუნება სურთ. ისინი მიმდინარე მდგომარეობით კმაყოფილები არიან და ყველა ძალისხმევას შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებისკენ მიმართავენ.

"ქართელი ხალხის მიერ ცვლილების მოლოდინი არარეალური გათვლა იქნება. საქართველოში სწრაფი ცვლილებები არ მოხდება. თუცა, არ უნდა გამოვრიცხოთ პრობლემების გადაწყვეტის ეტაპობრივი ევოლუცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროპაში ინტეგრაციის გრძელი გზის გავლის შემდეგ შეიძლება მოხდეს. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს კი რუსეთთან ინტეგრაციის პერსპექტივა ელით. მათთვის ევროპული განვითარების შეთავაზება მხოლოდ საქართველოს შეუძლია. თუმცა, თვითონ საქართველოს გრძელი და რთული პროცესი აქვს გასავლელი, სანამ ის ევროპულ სახელმწიფოდ გარდაიქმენება - იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო საზოგადოების წარმოდგენაში," აცხადებს ბატონი სოკორი.

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება ახალი კონცეფცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აღიარების გარეშე ურთიერთობას გულისხმობს. ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით, ისეთებზე, როგორიცაა ტაივანი და კვიპროსი, აღიარების გარეშე ურთეიერთობა ამ ორი ერთეულის თითქმის სრულ ლეგიტიმიზაციაშია გადაიზარდა. ევროპელების მიერ დასახულმა ახალმა სტრატეგიამ სოხუმსა და ცხინვალშიც შეიძლება მსგავს შედეგამდე მიგვიყვანოს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ბატონ სოკორს ვკითხეთ, წარმოადგენს თუ არა „ურთიერთობა აღიარების გარეშე“ საქართველოსთვის საფრთხეს და როგორ შეიძლება ამ საფრთხისგან თავის დაცვა.

"რა თქმა უნდა, არსებობს იმის საფრთხე, რომ დროთა განმავლობაში ურთიერთობა დე ფაქტო აღიარებაში გადაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ პოლიტიკა მკაცრი კონტროლის გარეშე წარიმართება. პოლიტიკის მართვა კი საქართველოს მთავრობის მოვალეობაა, თუმცა შეზღუდული მატერიალური რესურსების გამო ევროკავშირის აქტიური დაინტერესების გარეშე პოლიტიკის კონტროლი შეიძლება გართულდეს," აღნიშნა მან.

ბატონი სოკორი იმ ანალიტიკოსთა წრეს ეკუთვნის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება სოხუმისა და ცხინვალისთვის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების აუცილებელი ფაქტორია. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები დაიმუქრნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკების პროცესს გამოეთიშებიან. ამ კონტექსტში, თუ ევროპისკენ სწრაფვა ბაღაფშისა და კოკოითის პოლიტიკური მიზანია, საინტერესოა რატომ არ ცდილობენ ისინი ევროპული პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებას და ევროკავშირთან დიალოგის გზით ურთიერთობის გაღრმავებას? ბატონმა სოკორმა ამ შეკითხვაზე განაცხადა:

„ჟენევის პროცესიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოსვლას მე სერიოზულად არ აღვიქვამ. თავად ჟენევის პროცესიც არ არის დიდი მნიშვნელობის მქონე მექანიზმი. ის დასავლეთის ქვეყნებს თვითკმაყოფილების გრძნობას უჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესი მოლაპარეკების საბჭოურ მეთოდს წარმოადგენს. ყველამ წინასწარ იცის, რომ შეთანხმების მიღწევა რთული იქნება და თითოეული მხარე დიალოგში მხოლოდ ‘პროცესის’ გასაგრძელებლად’ მონაწილოებს.“

მიუხედავა იმისა, რომ ჟენევაში შეიძლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი არ გადაწყვდეს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითად, ამერიკასა და რუსეთს შორის 'გადატვირთვის' პოლიტიკამ საქართველოსთვის დადებითი შედეგი ის მოიტანა, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო ძალის გამოყენებით აღარ ემუქრება. თუმცა, არ შეიძლება დავივიწყოთ მისი უარყოფითი მხარეც, ანუ ის, რომ 'გადატვირთვის' პოლიტიკის გამო ამერიკა უარს ამბობს საქართველოსთვის ტანკ- და ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე. გარდა ამისა, ამერიკიელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საქართველოს არ ჰყავს კვალიფიცირებული სამხედრო პერსონალი, მაგრამ ამერიკის სამხედრო სასწავლებლებში ქართველი ოფიცრების დასწრების კვოტას არ ზრდიან.

გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის უნარიანობა და დასავლური სამხედრო სტანდარტების ქონა ნატოში გაწევრიანების ორი ძირითადი კრიტერიუმია, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ახლო მომავალში არარეალური პერსპექტივაა.

ბატონი სოკორის აზრით, ნატომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის პოსტმოდერნისტული ალიანსი არ არის. რუსეთ-საქართველოს ომი ნატოს სისუსტის დემონსტრირების კარგი მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ იყო და ალიანსს მისი დაცვა არ ევალებოდა, ნატომ მაინც არ დაგმო სამხედრო აგრესია და არ დაანახა მსოფლიოს, რომ ალიანსს საკუთარი მისიის წარმატებით შესრულება შეუძლია:

„ნატომ ნდობა დაკარგა. ალიანსს, საქართველოს დაცვის პასუხიმგებლობის აღების გარეშე შეეძლო გამოეცხადებინა, რომ რუსეთი აგრესორი იყო და რომ მოსკოვის მოქმედებები ევროპის სტაბილურობას საფრთხეში აგდებდა. მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ნატომ ეს არ გააკეთა,“აღნიშნა ბატონმა სოკორმა.

ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციაში მონაწილეობით საქართველო - ბატონი სოკორის თქმით - „სადაზღვეო პოლისს ყიდულობს.“ თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული რამდენად სანდოა და საიმედოა ეს პოლისი, რადგანაც ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა თბილისის მიერ არაპროპორციულ დათმობებზე წასვლით ვითარდება. თუმცა ,ამ ეტაპზე საქართველოს სხვა ალტერნატივა ალბათ არც აქვს.

XS
SM
MD
LG