ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენის ფაქტორი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში


საერთაშორისო სკანდალის მთავარი ობიექტი, დროებითი თავშესაფრის მიღებისთანავე, მოსკოვში გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00
ბმული

შეერთებულ შტატებში ჯაშუშობისთვის ძებნილმა ედუარდ სნოუდენმა როგორც იქნა, თავშესაფრის ოფიციალური დოკუმენტაცია მიიღო. მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტის კედლებში უნებლიე ტყვეობა ედუარდ სნოუდენისთვის პირველ აგვისტოს დასრულდა. შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NSA) ყოფილმა კონტრაქტორმა შერემეტიევოს სატრანზიტო ზონაში 5 კვირაზე მეტი დაჰყო. ხუთშაბათს სნოუდენმა აეროპორტი დატოვა და მოსკოვში გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

მისმა რუსმა ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ, ჟურნალისტებს თავშესაფრის დოკუმენტი წარუდგინა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ რუსეთში თავშესაფრის ნებართვა სნოუდენმა მხოლოდ ერთი წლის ვადით მიიღო. თუმცა, ლიმიტირებული დროით გაცემულ დოკუმენტში ისიც არის მითითებული, რომ სნოუდენს გადაადგილება მთელი რუსეთის მასშტაბით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლება.

ადვოკატმა სნოუდენი მოიხსენია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე მეტად სასურველი პიროვნება“ და სწორედ აქედან გამომდინარე, განაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებით, მისი ადგილსამყოფელის გამხელა არ შეუძლია.

მოსკოვში ჰონგ კონგიდან ჩასული სნოუდენი პრაქტიკულად ორი თვეა, რაც დევნილია. მისი სახელი მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ ამერიკის დაზვერვის სათვალთვალო პროგრამების შესახებ მასალების გამოქვეყნება დაიწყო. დოკუმენტირებული ინფორმაცია სნოუდენმა მისი ყოფილი სამსახურის, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) კომპიუტერული სისტემიდან ჩამოტვირთა და გაზეთს გადასცა.

მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა სნოუდენის გადაცემა მოითხოვა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ მას შეუძლია დარჩეს რუსეთში, ოღონდ იმ პირობით, თუ ის შეწყვეტს მათი „ამერიკელი პატრნიორებისთვის ზიანის მიყენებას“. პუტინის ამ განცხადებას ბრიტანულ აუდიტორიაში ხმამაღალი ხარხარით შეხვდნენ.

ამასობაში ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ ახალ-ახალი მასალის გამოქვეყნებას აგრძელებს. ოთხშაბათს, „გარდიანის“ გვერდებზე გაჩნდა კიდევ ერთი მასალა, რომელიც ისევ სნოუდენის დოკუმენტებს ეფუძნებოდა და ამერიკის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს სათვალთვალო პროგრამებზე ახალ ინფორმაციას შეიცავდა. ხუთშაბათს ამ ფაქტთან დაკავშირებით კითხვა სნოუდენის ადვოკატს დაუსვეს. ანატოლი კუჩერენა ამტკიცებს, რომ ბრიტანულმა გაზეთმა მასალები ადრე წაიღო, სნოუდენის ჯერ კიდევ ჰონგ კონგში ყოფნის პერიოდში. ეს ყველაფერი სნოუდენის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებამდე მოხდა, უბრალოდ ინფორმაცია მცირე ინტერვალის შემდეგ გამოქვეყნდა.

ვაშინგტონი დიდი გაღიზიანებით შეხვდა სნოუდენისთვის რუსეთში თავშესაფრის გაცემის თუნდაც დროებით ნებართვას. ანალიტიკოსები შესაძლო შედეგებზე სპეკულირებენ. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვას მოსკოვში შემდეგ თვეში დაგეგმილ ვიზიტზე, რომელსაც რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მოსკოვში სექტემბერში ორდღიანი სამიტი ტარდება. გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა 1 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში ობამას ადმინისტრაციას კიდევ უფრო დრამატული ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

„დროა პუტინის რუსეთთან ურთიერთობების ფუნდამენტური გადაფასება მოხდეს. ეს არ არის რუსეთი, რომელიც ჩვენ გვსურს ვიხილოთ. პუტინის დღევანდელ ქმედებას სერიოზული პასუხის გარეშე ვერ დავტოვებთ“ - აცხადებს სენატორი და საპასუხო რეაქციაში რამდენიმე ნაბიჯს გულისხმობს. მათ შორის: მაგნიტსკის აქტით სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების სიის გაზრდას, ნატოს გაფართოების ახალი რაუნდის დაწყებას, რომელიც საქართველოსაც გულისხმობს, რუსი დისიდენტების, როგორიც არიან ხოდარკოვსკი და ნავალნი, და ზოგადად, რუსეთში სამოქალაქო თავისუფლებების მეტ მხარდაჭერას.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური უშაკოვმა „ინტერფაქსთან“ საუბარში განაცხადა, რომ თეთრი სახლის მხრიდან ჯერჯერობით ობამას ვიზიტის გაუქმებაზე მინიშნება არ გაკეთებულა. მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი ლილია შევცოვა ამბობს, რომ კრემლს დიდი იმედი აქვს, სნოუდენის ფაქტორი სამიტის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

„მათ აუცილებლად სჭირდებათ ობამას ჩამოსვლა შემოდგომაზე და არ დაუშვებენ, რომ სნოუოდენის სკანდალმა ამას ხელი შეუშალოს“ - აღნიშნავს ლილია შევცოვა.

რუსეთში გამოქვეყნდა ლევადის ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელშიც რუსი მოქალაქეების 51 პროცენტი სნოუდენს და მის მიერ ამერიკული სადაზვერვო პროგრამების გასაჯაროებას მხარს უჭერს. 43 პროცენტი კი რუსეთში მისთვის თავშესაფრის მიცემას ემხრობა.

მოსკოვი, როგორც ჩანს ცივი ომის დროინდელ ტრადიციას აგრძელებს და სიამოვნებით მასპინძლობს დასავლეთის დაზვერვებიდან გაქცეულ ხალხს. ივლისის ბოლოს ზუსტად 50 წელი გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა მიანიჭეს კიმ ფილბის, ბრიტანული დაზვერვის ოფიცერს. ის 25 წლის შემდეგ რუსეთში გარდაიცვალა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG