ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენის მარშრუტი: ჰონგ კონგი, რუსეთი, კუბა...


სნოუდენი რუსეთიდან ჯერ კუბაში, ხოლო შემდეგ კი ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ჩაფრინდება, სადაც, სავარაუდოდ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს

ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელიც შეერთებულ შტატებში სახელმწიფო საიდუმლოს გაცემისთვის იძებნება ჰონგ კონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ედუარდ სნოუდენი რუსეთიდან ჯერ კუბაში, ხოლო შემდეგ კი ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ჩაფრინდება, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს.

სნოუდენი ჰონგ კონგში მაისში ჩაფრინდა და ჟურნალისტებს იქედან გაუზიარა ინფორმაცია და დოკუმენტები ამერიკის მთავრობის მიერ ტელე-საკომუნიკაციო და ინტერნეტ კორესპონდენციებზე დაკვირვების მასშტაბების შესახებ. თავდაპირველ განცხადებებზე დაყრდნობით, სნოუდენი ჰონგ კონგში დარჩენას აპირებდა, სადაც ექსტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამერიკის იუსტიციის დეპარტამანტმა მის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდება გამოაქვეყნა, სნოუდენმა სამხრეთ ამერიკაში გაფრენა გადაწყვიტა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, აეროფლოტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სნოუდენი მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტიდან კუბის დედაქალაქ ჰავანაში ორშაბათს, ხოლო იქედან კი პირდაპირ კარაკასში ჩაფრინდება.

ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ვენესუელა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. ამ ეტაპზე ვენესუელას მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია იმის თაობაზე მისცემს თუ არა სნოუდენს პოლიტიკურ თავშესაფარს.
XS
SM
MD
LG