ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში "აბრეშუმის გზის" პროექტზე იმსჯელეს


"აბრეშუმის გზის" ღონისძიება ვაშინგტონში, 10 ივლისი, 2017

„აბრეშუმის გზა“ და კასპიის ზღვის აუზი ამერიკის საგარეო პოლიტიკური გამოწვევებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი რეგიონია. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზაჯვარედინს, საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

10 ივლისს ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ რეგიონის როლი, პრობლემები, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. მთავარი თემები რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა იყო.

შუა აზიის ქვეყნების და აზერბაიჯანის ელჩებმა შიდა ეროვნულ საკითხებზე და სამეზობლოს უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში ელინ სულეიმანოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებასთან ერთად, მსგავსი პრობლემებიც აქვთ.

ელინ სულეიმანოვი: „ვიტყოდი, რომ “აბრეშუმის გზაზე” ყველა ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ჩვენი მეზობელი და მეგობარია. აზერბაიჯანს და საქართველოს საერთო ბევრი რამ აქვთ. ტერიტორიული მთლიანობის და სეპარატიზმის საკითხშიც ერთნაირი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანის ტერიტორიაც ოკუპირებულია. ჩვენი ბევრი პრობლემა მსგავსია და მათი გადაწყვეტის გზაც მსგავსია. აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღრმად და მტკიცედ უჭერს მხარს, რა თქმა უნდა უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასაც. ეს ორგანიზაცია “გუამ”-ში ჩვენი პარტნიორობით გამოიხატება. ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი ცალმხრივი ხელყოფა, იქნება ეს ცალმხრივი გამოყოფა თუ ცალმხრივი ოკუპაცია, სავსებით მიუღებელია.“

შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ამჟამად ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსის მრჩეველმა რიჩარდ ნორლანდმა თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“ დაუშვებელია.

რიჩარდ ნორლანდი: „ვფიქრობ, შუა აზიაში და კავკასიაში შეერთებულ შტატებს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს. ნათელია, რომ ამაში არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები, ენერგომატარებლები და მინერალები იგულისხმება. სინამდვილეში, მსოფლიოში არასტაბილურობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ამ რეგიონზე ფოკუსირდება და შეერთებული შტატები რამდენადაც მეტ მუშაობას შეძლებს ამ რეგიონის ქვეყნებთან, არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, არამედ შუა აზიის ხუთ და კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, უფრო მეტ საერთო ინტერესს აღმოვაჩენთ, მაგალითად ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგიერთი ასეთი საერთო ინტერესის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია,"-თქვა მან და დასძინა რომ საქართველოში ყოფნისას მან კარგად გაიაზრა "აბრეშუმის გზის" მნიშვნელობა, " და რომ “აბრეშუმის გზის” მშენებლობა, თვითონ არის სტაბილურობის ფაქტორი. როდესაც ავითარებ ეკონომიკურ კავშირს ჩინეთსა და ევროპას შორის, როცა დამაკავშირებელი რგოლები შუა აზიაზე და კავკასიაზე გადის, ნებისმიერი რამ, რაც ამ რგოლებს არღვევს, დესტაბილიზაციას იწვევს და ეს ამ გზაზე, არცერთი ქვეყნის ინტერესს არ პასუხობს. ჩვენ იმის მოწმე გავხდით, რომ რეგიონის ლიდერებმა “აბრეშუმის გზაში” არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის და აყვავების, არამედ გეოპოლიტიკური სტაბილურობის საშუალებაც დაინახეს,“-აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG