ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები რიში და შაჰინი საარჩევნო შეთანხმებას აქებენ და ყველა მხარეს მისი სრული შესრულებისკენ მოუწოდებენ


ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე - სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.


განცხადების თანახმად, უქმეებზე მიღწეული შეთანხმების მიზანი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაა.

“ძალიან მოხარული ვარ შეთანხმების ხილვით, რომელსაც ამ უქმეებზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და მოველი, რომ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში მისი სრული განხორციელება მოხდება”, ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში. ის ასევე დასძენს: “წლის დასაწყისში, მე და სენატორმა შაჰინმა პრემიერ-მინისტრ გახარიას [წერილი] მივწერეთ ჩვენი შეშფოთების გამოხატვის მიზნით, საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას ვურჩიეთ დაესრულებინა დემოკრატიული უკუსვლა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის აღდგენისკენ. იმ ფონზე, როცა საქართველო, წელს, მოგვიანებით საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად დაინერგოს და ისინი ყველა მხარემ დაიცვას” - ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში.

რესპუბლიკელი სენატორი ასევე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოელის, რომ შემოდგომაზე საქართველოში “სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მინდა შევაქო ყველა მხარე იმისთვის, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავიდნენ საქართველოს დემოკრატიის დასაწინაურებლად” აცხადებს სენატორი რიში.

სენატორი შეთანხმების ციტირებას ახდენს და ამბობს, რომ აფასებს კვირას გაკეთებულ დაპირებას ერთობლივი განცხადების შესახებ, რომ განხილული იქნება “ნაბიჯები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არამიზანშეწონილ პოლიტიზირებად" და მოელის " პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას".

სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, მას ეიმედება "ის, რომ საქართველოს მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო რეფორმის დაპირების შესრულებისკენ. ეს კრიტიკულად აუცილებელია მათი ქვეყნის დემოკრატიისთვის".

“2012 წლის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველო ფრთხილად მუშაობდა დემოკრატიული ტრანზიციის წარმატებისთვის და მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ამ მიზნისკენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ასევე ვაფასებ საქართველოს მიერ ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებების გათვალისწინებას, სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი პრინციპია. იმედით ვუყურებ იმას, რომ საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას და დარჩება საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ერთგული” - ნათქვამია სენატორ შაჰინის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG