ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კანონმდებლები ადმინისტრაციას ამერიკული ბიზნესის დაცვას და ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასებას სთხოვენ


რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების თაობაზე მათთვის ბრიფინგის ჩატარებას საჯარო წერილით სთხოვენ. წერილს, რომელიც ადმინისტრაციას გაეგზავნა, ხელს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი და კონგრესმენები ჯუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი აწერენ.

წერილში, რომელიც სენატორომა ტედ კრუზმა 15 მაისს გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ ავტორები შეშფოთებული არიან საქართველოში მმართველობის პრობლემების, კერძოდ „ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან, მათ შორის, ირანთან საქართველოს უკანონო ფინანსური კავშირების“ გამო, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ბიზნესის ინტერესებს.


წერილში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, დაახლოებით, 50%-ით შემცირდა და დასავლური, მათ შორის, ამერიკული ბიზნესებისთვის გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა.

ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ გახდა შეზღუდვებისა და რეგულაციების სამიზნე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც კომპანიას ახლა ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება. წერილში ასევე ნახსენებია „კონტი ჯგუფი,“ რომელიც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობდა. პორტის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია, „კონტი ჯგუფმა“ კი პროექტი დატოვა.

„ამან ამერიკულ კომპანიებს საქმიანობა გაურთულა და ხელი შეუშალა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას. Frontera Resources ტეხასური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორია. მათ $500 მილიონზე მეტი აქვთ ინვესტირებული ნავთობისა და გაზის რესურსების აღმოსაჩენად. ცოტა ხნის წინ კი Frontera რეგულაციებისა და შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა, მას საქართველოს მთავრობა პოტენციურად ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება.

„2019 წელს კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, Conti Group ამავე პრობლემას წააწყდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია. ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან,“ ნათქვამია წერილში.

კომპანია „ფრონტერამ,“ რომელიც სენატორ ტედ კრუზის შტატშია ბაზირებული, საქართველოში ინვესტიციები პირველად 1997 წელს ჩადო. 2019 წელს, საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ არბიტრაჟის დადგენილებით, კომპანიამ დადებული კონტრაქტი დაარღვია, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას აძლევს.

წერილში ასევე საუბარია საქართველოს მხრიდან ირანზე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაზე. „ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ბათუმის პორტი კიდევ ერთხელ იქნა შემჩნეული ირანთან დაკავშირებულ უკანონო ვაჭრობაში,“ აცხადებენ კანონმდებლები.

სენატორები და კონგრესმენები პომპეოს და მნუჩნს მათთვის ბრიფინგის ჩატარებას და ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ იმის შესახებ, თუ რამდენად არის:

  • საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, გარეული იმ ამერიკული ბიზნესების შევიწროების მცდელობებში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;
  • ასეთი მოქმედებები მოტივირებული გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებით;
  • შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული აქტივობები საქართველოში საფრთხის შემქმნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული ინტერესისთვის, მათ შორის:​
    • პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების წინასწარგამიზნული გამორიცხვა, რომელთა აშენებაც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად
    • ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები, განსაკუთრებით, პორტების კონტექსტში

„საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. სამხედრო თვალსაზრისით, ქართველები დაეხმარნენ ჩვენს მისიას ავღანეთში. გეოგრაფიულად, ქვეყანა წარმოადგენს სავაჭრო და ენერგორესურსების მნიშვნელოვან მარშრუტს კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე. აშშ-საქართველოს პარტნიორობა არის აუცილებელი ამერიკული ინტერესებისთვის, რაც თავის მხრივ მოითხოვს, რომ საქართველო დაუბრუნდეს და განამტკიცოს კარგი მმართველობა,“ ნათქვამია წერილში.

წერილი, რომელსაც ხელს სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი და კონგრესმენები ჯუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი აწერენ ადმინისტრაციისთვის რესურსების მიწოდების შეთავაზებით მთავრდება.

„ერთმანეთში გადახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები ფედერალური მთავრობიდან ფართომასშტაბიან რეაგირებას მოითხოვს და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რესურსები, რომლებიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეკლარირებისა და დაცვისთვის გჭირდებათ.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG